დეპუტატი: ქართული ჯარის რეზერვი შესაძლოა 10 ათას კაცამდე გაიზარდოს

© photo: Sputnik / Stringerქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
საქართველოში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბევრი ლეგალური საშუალებაა, თუმცა ეს აუცილებლად შეიცვლება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის საფუძველზე ქვეყანას სულ მალე ეყოლება 10 ათასი მომზადებული ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
როგორც გუშინ პრემიერმა განაცხადა, ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. პრემიერის თქმით, შეიქმნება ეფექტური სისტემა, რომელიც ექვსი, რვა და თერთმეტთვიანი პროგრამებისგან იქნება შედგენილი. პროექტის რეალიზაციას 80 მლნ ლარზე მეტი დასჭირდება. პროგრამა 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმ შედეგზე გავალთ, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა. სულ ცოტა ხანში გვეყოლება 10 ათასი მომზადებული ახალგაზრდა პატრიოტი კაცი. შესაბამისად, ეს პროგრამა არის ძალიან მაგარი და ის, რომ ჩვენ ძალიან მალე 10 ათასი ასეთი პატრიოტი ახალგაზრდა გვეყოლება რეზერვში, ეს არის მართლა საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატის თქმით, საუბარია 23 წლამდე ასაკის სტუდენტებზე, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაერთვებიან პროგრამაში, რომელიც სამხედრო მომზადებას გულისხმობს.

„პროგრამა ითვალისწინებს ყოველ წელს ერთთვიან მომზადებას და მათ ქცევას ნამდვილ მებრძოლებად, ადამიანებად, რომლებიც საზარბაზნე ხორცი კი არ იქნებიან – 2008 წელს ბომბი რომ გავარდა და მიატოვეს ავტობუსებით რეზერვისტები – არამედ მომზადებულები იქნებიან სამშობლოს დასაცავად“, – განაცხადა ოდიშარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სავალდებულო სამხედრო სამსახურში ოფიციალურად დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წევრების გაწვევა.
„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - ელისაშვილი პრემიერის ინიციატივას მიესალმება >>
საუბარია ორგანიზაციაზე „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერებმა დაარეგისტრირეს 2017 წლის აპრილში. როგორც მაშინ ოპოზიციონერებმა განმარტეს, რომლებიც ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან, მათ ახალგაზრდების ჯარისგან გათავისუფლების ლეგალურ ხერხს მიაგნეს.
როგორც უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველოში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს სამხედრო სამსახურს თავი 12 ათასმა ადამიანმა აარიდა. მან არ დაასახელა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება. არაა გამორიცხული, რომ საუბარია სწორედ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაზე“.
ქართული კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება გადავადდეს, თუ ადამიანი არის სასულიერო პირი.
ამჟამად, ბურჭულაძის თქმით, საქართველოში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბევრი ლეგალური საშუალებაა. თუმცა ეს აუცილებლად შეიცვლება, განაცხადა მინისტრმა.
ყველა ახალი ამბავი
0