ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აეროპორტების განვითარებაზე

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
მთავრობას სურს თბილისში აშენდეს თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი ტერმინალებით და ბიზნეს-ავიაციით, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებისთვის 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელოდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ამიტომ მთავრობას სურს იქ აშენდეს თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი ტერმინალებით და ბიზნეს-ავიაციით.

„გვინდა მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას“, – განაცხადა პრემიერმა.

დღეისათვის თბილისის აეროპორტში ოპერირებს 35 ავიაკომპანია, რომლებიც რეისებს 38 მიმართულებით ახორციელებენ.
ნოემბერში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა – ნოემბერში თბილისის აეროპორტი 232.092 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 8%-ით გააუმჯობესა.
რაც შეეხება ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ნოემბერში მისით 34.153-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 15%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 30%-ით მეტი 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.
თბილისის აეროპორტი მიმდინარე წელს 3 მილიონამდე მგზავრით დაასრულებს >>
პრემიერის თქმით, მთავრობას დამატებითი ხედვა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებითაც გააჩნია.
თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
ყველა ახალი ამბავი
0