პარამედიკოსთა სისტემის დანერგვა: სასწრაფო დახმარების სამსახურში ცვლილებები იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ბროგადების მუშაობა პანდემიის დროს
სასწრაფო დახმარების ბროგადების მუშაობა პანდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
გამოწერა
ყოველწლიურად იგეგმება 100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. მთავრობის ინიციატივით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის ცვლილებები, რომელთა თანახმადაც პაციენტებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას პარამედიკოსები გაუწევენ.
მთავრობაში განმარტავენ, რომ შესწავლილი და გაანალიზებულია 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილება.
„პარამედიკოსი, საერთაშორისო კვლევების თანახმად, ეფექტურია ექიმთან შედარებით გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, რადგან მას აქვს შესაბამისი ფიზიკური უნარები, მოქმედებს დროის მოკლე პერიოდში პროტოკოლებით, სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით და საჭიროებისას ახდენს დროულ ჰოსპიტალიზაციას“, - აღნიშნულია განმარტებაში.
ცვლილებების გათვალისწინებით პარამედიკოსის კომპეტენციას ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს. შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულის უფლებებს დაემატება პარამედიკოსის პოზიციაზე საქმიანობის უფლება.
მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე.
„დღეის მდგომარეობით, ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს მოსახლეობას 317 სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა (საკურორტო სეზონის პერიოდში ხდება დამატებით რაოდენობის ზრდა) და 19 რეფერალური დახმარების ბრიგადების მეშვეობით. გამოძახებების საშუალო რაოდენობა 24 საათში შეადგენს 3500-ს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტი მოიაზრებს 3 ათასი პარამედიკოსის მომზადებას, ყოველწლიურად იგეგმება 100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას. ცენტრს აქვს ყოველწლიურად საკადრო გადინება. 2020 წელს ის შეადგენდა 108, 2021 წელს – 87, ხოლო 2022 წელს – 69 თანამშრომელს.
თითოეული პირის მომზადების ხარჯი შეადგენს 1.600 ლარს. გადამზადების ხარჯი იქნება 160-176 ათასი ლარი ყოველწლიურად.
ყველა ახალი ამბავი
0