კლინიკები გადატვირთულია - თენგიზ ცერცვაძემ გრიპთან დაკავშირებული სიტუაცია შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
გამოწერა
სეზონურმა ინფექციებმა, შესაძლოა, გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან პირებში, განაცხადა ექიმმა
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების პერიოდში პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების რიცხვი გაიზარდა, საავადმყოფოები გადატვირთულია, წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.
სეზონური ვირუსებისა და გრიპის გამო საქართველოში კლინიკები გადატვირთულია. დაავადების თავიდან ასაცილებლად ექიმები მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ რეკომენდაციებს - სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ატარონ ნიღბები და მაქსიმალურად შეეცადონ დარჩნენ სახლში, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.
„დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვიანობა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს“, - წერს ცერცვაძე.
მთავარი ინფექციონისტის თქმით, სეზონურმა ინფექციებმა შესაძლოა, გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
ამასთან ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ პრობლემისთვის კარგად არის მომზადებული.
სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრის ვადა გახანგრძლივდა >>
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას, ყველა რგოლი, დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით. გამართულად ფუნქციონირებს. მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. არც ერთი ავადმყოფი არ რჩება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების, მათ შორის სტაციონარული და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული მომსახურების გარეშე“, - დაწერა ცერცვაძემ.
საქართველოში, გრიპის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლის მიზნით, უფასო ვაქცინაციის ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 21 სექტემბერს დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა Sanofi Pasteur-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია.
ყველა ახალი ამბავი
0