სააკაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა - სხდომა გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერების აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
ექიმებმა მიზანშეუწონლად ჩათვალეს სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში, სადაც მისი სასჯელის გადავადების საკითხი უნდა განხილულიყო.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. სასამართლო სხდომა, რომელზეც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხი უნდა განიხილონ, 14 დეკემბრისთვის გადაიდო.
სხდომის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო – მსჯავრდებულის დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით. სასამართლო სხდომა 14 დეკემბრის 11:00 საათზე დაინიშნა.
მოსამართლემ დაცვის მხარეს მუშაობის კონკრეტული გრაფიკი შესთავაზა, განაცხადა ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

„სასამართლომ... ტექნიკურად როგორ მოხერხდება, რადგან საავადმყოფოშია (სააკაშვილი), ამის გადასაწყვეტად ორი კალენდარული სამუშაო დღე ითხოვა, გრაფიკი შემოგვთავაზა, ჩვენ ამ გრაფიკს დავეთანხმეთ... ცუდად არის, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ პროცესში ამ ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. პროცესი ისე ვერ ჩატარდება, წარმოუდგენელია სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ ადამიანი არ ესწრებოდეს პროცესს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ექს-პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის მერე დაიწყო.
ამ დღეებში სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა, რომელზეც, მისი თქმით, მისი „სიკვდილ-სიცოცხლის“ საკითხი წყდება. თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს წარუდგინა წერილი, რომლის თანახმად, ექიმებმა სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან სააკაშვილის მომხრეები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი ოპოზიციური პარტიების წევრები დილიდან შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა გადაიდო, ისინი დაშლას არ ჩქარობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მიხეილ სააკაშვილმა სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა>>
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
მანამდე გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
ექსპერტების თქმით, პაციენტმა საქართველოში გაიარა ყველა არსებული ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე მულტიდისციპლინურ კლინიკაში. ამის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.
კლინიკა „ვივამედის“ დირექცია და იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს არ ასრულებს და, შესაბამისად, მკურნალობაზე უარს აცხადებს.
რამ იმოქმედა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? „ვივამედის“ დირექტორის განმარტება>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0