როდის გაუმჯობესდება სააკაშვილის მდგომარეობა - წულუკიანის განმარტება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
მინისტრის თქმით, აუცილებელია, სააკაშვილმა შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მისივე ჯანმრთელობის წინააღმდეგ.
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, თუ იგი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს და დაიწყებს საკვების მიღებას, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ექსპერტების აზრით, საქართველოში პაციენტმა გაიარა ყველა ხელმისაწვდომი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე მრავალფუნქციურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა უარესდება.
ამასთან, კლინიკა „ვივამედის“ დირექცია და იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სააკაშვილი არ იცავს ექიმების რეკომენდაციებს და შესაბამისად, უარს აცხადებს მკურნალობაზე.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, თუ იგი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს და განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ სააკაშვილმა შეცვალოს თავისი პოზიცია, რომელიც მიმართულია მისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რადგანაც მთელი სახელმწიფო სისტემა მიმართულია იქითკენ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა იყოს ბოლომდე დაცული.
„ერთადერთი რამ, რაც ამისთვის საკმარისი არაა, არის მისი სურვილი და მონაწილეობა თავისივე ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. როგორც კი ის შეიცვლის ამ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იქნება ჯანმრთელად და როდესაც სასჯელი ამოეწურება, თუ თავის ჯანმრთელობას მოუფრთხილდება, შეძლებს დაკავდეს იმით, რაც მოესურვება“, - განაცხადა წულუკიანმა.
„დიდად პერსპექტიული არ არის“ - დეპუტატი სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე>>>
მსჯავრდებული სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. დღეს ჩანიშნული სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის გადაიტანეს. გადაწყვეტილება სხდომის გადატანის შესახებ მსჯავრდებულის დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0