როგორ აისახება ბანკებზე მთავრობის ახალი ინიციატივა: ექსპერტის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerსწრაფი ჩარიცხვის აპარატი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
საბანკო სექტორს „ესტონურ მოდელზე“ გადასვლის აუცილებლობა არ აქვს.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელზე გადასვლაზე უარის თქმა და მოგების გადასახადის სტანდარტული განაკვეთის 20%-მდე გაზრდა საბანკო სექტორისთვის დიდი ტვირთი არ გახდება, განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
როგორც ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ბანკები და მთლიანად საფინანსო სექტორი 2023 წლიდან აღარ გადავლენ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, მათთვის დარჩება გადახდის არსებული სისტემა, მაგრამ მოგების გადასახადის სტანდარტული განაკვეთი 5%-ით გაიზრდება და 20% გახდება.

„ბანკების მაღალი წმინდა მოგება იძლევა თავისუფლად გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა ცუცქირიძემ პრეს-კლუბ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ექსპერტის განმარტებით, საბანკო სექტორი ისედაც შეღავათიან საგადასახადო რეჟიმში მუშაობს. საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის თანახმად, ბანკები არ იხდიან არც დღგ-ის, რომელიც საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყაროა და მისი წილი 41%-მდეა, არც აქციზის გადასახადს, რომელიც ბიუჯეტის შემოსავლების 13%-ს შეადგენს.
„თუ 2019 წელს ბანკების წმინდა მოგება 1 მლრდ ლარამდე იყო, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ისევე, როგორც 2021 წელს, 2 მლრდ ლარი იქნება. გარდა ამისა, ისინი იშვიათად ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ არასაბანკო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორი უკვე მუშაობს საგადასახადო ტვირთის განსხვავებულ, შეღავათიან რეჟიმში“, – განაცხადა ექსპერტმა.
საქართველოს მთავრობა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე უარის თქმას აპირებს>>>
ცუცქირიძის თქმით, პრემიერის განცხადებას „ესტონურ მოდელზე“ გადასვლის გაუქმების თაობაზე მცდარი შეფასებები მოჰყვა. თითქოსდა იმის გამო, რომ ბანკებს ესტონური მოდელით გათვალისწინებული რეჟიმი არ ექნებათ, ამის კომპენსირებას ისინი საპროცენტო განაკვეთების გაზრდით მოახდენენ, რაც საკრედიტო რესურსებს უფრო ძვირს გახდის.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, 2017 წელს, როდესაც ამ მოდელზე გადასვლა გადაწყდა, ბანკებთან დაიდო ხელშეკრულება, რომ ახალ მოდელზე გადავიდოდნენ არა 2019 წელს, არამედ 2023 წელს.
ეს პერიოდი ორ რამეზე იყო გათვლილი: გამოჩნდებოდა, თუ როგორი იყო ბანკების განვითარების დინამიკა და როგორი იქნებოდა მომავალ წლებში. გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით იქნებოდა მიღებული.
მისი თქმით, ესტონური მოდელი – ეს არის სტიმული, რომ კომპანიებმა მოგება კაპიტალში დატოვონ და, შესაბამისად, გაზარდონ გაყიდვები და შემოსავალი. შედეგი გათვლილია ეკონომიკის მაღალ ზრდაზე, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაზე და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე.

„უკვე მაშინ ისმოდა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოდელი შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩენილიყო და ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება გამოეწვია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ექსპერტის განმარტებით, ქვეყანას ბოლო ორი წელია ორნიშნა ზრდა აქვს, 2019 წელთან შედარებით მშპ 47%-ით გაიზარდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4.696 დოლარიდან 6,6 ათას დოლარამდე, ანუ 40%-ით გაიზარდა, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 11,4 მლრდ ლარიდან 16,8 მლრდ ლარამდე, ანუ 47%-ით გაიზარდა, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-მდეა შემცირებული. მარტო მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა 15,6%-მდეა შემცირებული.
„ის ეფექტი, რომელიც ესტონურ მოდელს უნდა მოეტანა, ფაქტობრივად ჩვენი ეკონომიკის შედეგად უკვე გვაქვს“, – განმარტა მან.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს. მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. ამ მოდელის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. თუმცა ეს არ ეხებოდა ბანკებს, რომელთა შემთხვევაშიც აღნიშნული მოდელის დანერგვა 2023 წლიდან იყო ნავარაუდები.
ყველა ახალი ამბავი
0