მდინარაძე: დადასტურდა ინფორმაცია უკრაინაში ქართველების ორგანიზებული წაყვანის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
რეკრუტირების დადასტურება არ გამორიცხავს უკრაინაში ისეთი მოხალისეების ყოფნას, რომლებიც იქ საკუთარი სურვილით გაემგზავრნენ, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ქართულმა საზოგადოებამ დაინახა სიმართლე საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში ორგანიზებული წაყვანის შესახებ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
იმის შესახებ, რომ ოპოზიციონერები უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს ამგზავრებენ, პირველმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რის გამო ის მკაცრად გააკრიტიკეს ოპოზიციამ და იმ მოხალისეებმა, რომლებიც უკრაინაში საკუთარი სურვილით გაემგზავრნენ. მოგვიანებით „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, რომელსაც ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევრად მიიჩნევს, აღიარა, რომ ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებაში.
„ცნობილი გახდა უმძიმესი სკანდალის შესახებ, რომელსაც უარყოფდნენ სრული ორი დღის განმავლობაში. ორი დღის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“, თავისი სპიკერებითა და ტელევიზიების მეშვეობით, კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ვინმე ეწევა ქართველი მებრძოლების უკრაინაში წაყვანის ორგანიზებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ჟურნალისტური გამოძიების დროს დადასტურდა, რომ ინფორმაცია უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრების შესახებ სოციალურ ქსელებში ვრცელდება და მოხალისეებს ამისთვის გარკვეულ ანაზღაურებას სთავაზობენ.
დეპუტატი ყველაზე მეტად აღშფოთებული იყო იმით, რომ მოხალისეებს არ უხსნიან საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს იწყებს, ის კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
ამასთან, მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში ჩამოერთმევათ, თუ საქართველო ოფიციალურ დადასტურებას მიიღებს.
უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის თემა - ღარიბაშვილმა თავისი განცხადება განმარტა >>
„მიმოწერაში არ გააფრთხილეს ადამიანი, რომ თუ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, ის მოქალაქეობას კარგავს. როგორც იურისტმა მინდა განვმარტო, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მან არ გამორიცხა, რომ „ნაცმოძრაობა“ შესაძლოა პროვოკაციაზე წავიდეს და ამაზე პიარ-კამპანია ააგოროს.
მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ რეკრუტირების დადასტურება არ გამორიცხავს უკრაინაში ისეთი მოხალისეების ყოფნას, რომლებიც იქ საკუთარი სურვილით გაემგზავრნენ.
„ხაზგასმით მინდა, განვაცხადო, რომ ეს (რეკრუტირება - რედ.) არ გამორიცხავს იმ გულწრფელი ადამიანების ომში მონაწილეობას, რომლებიც მართლაც ენთუზიაზმით, თავიანთი გულწრფელი სურვილით იბრძვიან უკრაინაში, მათ შორის, ღრმად სწამთ, და ამის აბსოლუტური უფლება აქვთ, რომ ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.
მარტიდან უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში 33 ქართველი დაიღუპა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო, ბრალს სდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის „პრორუსული ძალაა“. ხელისუფლება ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე. ამის მიზეზად ხელისუფლებამ ის დაასახელა, რომ ამას შეაფასებდნენ, როგორც ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას.
ყველა ახალი ამბავი
0