მოსკოვი ნავთობის ზღვრულ ფასზე პასუხს ამზადებს: განიხილება სამი ვარიანტი

© AP Photo / Jae C. Hong
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება, ევროკავშირისა და G7-ის მიერ ნავთობზე ზღვრული მაქსიმალური ფასის დაწესებაზე საპასუხოდ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„განიხილება სხვადასხვა ვარიანტები. შედეგები გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოქვეყნდება“, — აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე გამოცემა „ვედომოსტი“ წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლება სამ სავარაუდო პასუხზე მუშაობს. ესენია:
1.
გაყიდვების სრული აკრძალვა იმ ქვეყნებში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეზღუდვას, მათ შორის შუამავალი ქვეყნების ან თუნდაც მათი ჯაჭვის მეშვეობით;
2.
საკონტრაქტო ექსპორტის აკრძალვა, რომელიც ფასის ზღვარზე პირობას მოიცავს;
3.
ინდიკატორული ფასის შემოღება — რუსულ Urals-ზე მაქსიმალური დისკონტი Brent-ის ეტალონთან შედარებით და უფრო მაღალი ფასდაკლებით გაყიდვის აკრძალვა.
მოსკოვის სავარაუდო პასუხების თაობაზე წერს სააგენტო „ბლუმბერგიც“, რომელიც ანონიმ წყაროს ეყრდნობა.
წყაროს თქმით, ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, რუსეთი მისი ნავთობის მყიდველებს გამჭვირვალე საფასო მექანიზმს შესთავაზებს, რომელიც საბაზრო მოთხოვნებს შეესაბამება. ეს იმიტომ, რომ კრემლი არასაბაზრო ბერკეტებით ნეიტრალურ ქვეყნებზე ზეწოლას ერიდება, რათა მათი უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.
მეორე ვარიანტით, რუსეთი თავის ნავთობზე ფიქსირებულ ფასს დააწესებს, რომელიც რეგულარულად ჩასწორდება.
ამასთან, „ბლუმბერგის“ სხვა წყაროს ცნობით, ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა ხელი მოაწეროს ბრძანებულებას, რომელიც რუსულ კომპანიებსა და რუსული ნავთობის შემსყიდველ საერთაშორისო ტრეიდერებს ნავთობის იმ ქვეყნებისთვის მიყიდვას აუკრძალავს, რომლებიც ზღვრული ფასის დაწესებას დათანხმდნენ.
ნავთობზე დასავლეთის სანქციები ძალაში 5 დეკემბერს შევიდა. გარდა იმისა, რომ ევროკავშირმა საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობის მიღება შეწყვიტა, G7-ის ქვეყნებმა, ასევე ავსტრალიამ და ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასი დააწესეს ერთ ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიღებს ნავთობზე ზღვრულ ფასს მაშინაც კი, თუ მოპოვების შემცირება მოუწევს. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ბაზრის ინსტრუმენტებში ჩარევაა და, შესაბამისად, რუსეთი მხოლოდ იმ მომხმარებლებთან ითანამშრომლებს, რომლებიც ბაზრის პირობებით მუშაობისთვის არიან მზად.
ყველა ახალი ამბავი
0