ახალგაზრდა ქალი სამშობიარო გართულების შემდგომ კლინიკაში გარდაიცვალა

© AP Photo / Alessandra Tarantinoკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკა „გულის“ მედპერსონალს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 33 წლის ქალი სამშობიარო გართულების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახი მომხდარში კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ექიმებს ადანაშაულებს და მათ დაუდევრობაში სდებს ბრალს. მათი თქმით, მედიკოსებმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.
„ორსულობის მერვე თვეში იყო, წნევის ცვალებადობა დაეწყო და კლინიკა „გულში“ მივიდა ექიმთან, რომელმაც უბრალოდ წნევის დამწევი მედიკამენტი გამოუწერა და სახლში გაუშვა. მაგრამ იმავე ღამეს გოგო კრუნჩხვებში ჩავარდა და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა ორსულს არანაირი ანალიზი არ ჩაუტარეს და ისე ამშობიარეს. სამწუხაროდ, ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ კი ქალი კომაში ჩავარდა, თურმე გაჟონვა მიუღია“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
ოჯახის მოთხოვნით ახალგაზრდა ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში თითქმის ერთი თვის მანძილზე იყო მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკა „გულის“ მედპერსონალს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს სამხარაულის კლინიკაში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0