მეორე ექვთიმე, ანუ ამბავი ამერიკელი ბიზნესმენისა და გაყიდვას გადარჩენილი ეროვნული განძისა

CC BY-SA 2.0 / Gill M L / Georgiaქართული ოქროს სამკაული
ქართული ოქროს სამკაული - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
საქართველოში არ გვეგულება ადამიანი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილის სახელი არ სმენოდეს — სახელი იმ ადამიანისა, რომელმაც ეროვნული საგანძური განადგურებას გადაარჩინა.
მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, ისტორიკოსებისა და ხელოვნებათმცოდნეების გარდა, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის გმირობის ამბავი, რომელმაც ქართული საგანძურის ძვირადღირებული ექსპონატები ცკ-ის პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის თანადგომით, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა.
© photo: Sputnik / Ruhkyanშალვა ამირანაშვილი
შალვა ამირანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
შალვა ამირანაშვილი
საქმე კი ასე იყო:
გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა იმ დროს გავლენიანი ამერიკელი ბიზნესმენი და საბჭოთა ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნება. ერთ საღამოს სტუმარმა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორს შალვა ამირანაშვილს დაურეკა და მუზეუმის საგანძურის დათვალიერება სთხოვა. რატომღაც არ ეჭაშნიკა ეს ამბავი ბატონ შალვას, სამუშაო საათების დასრულება მოიმიზეზა და სტუმარს თავაზიანი უარი უთხრა.
მეორე დილით მუზეუმში მისულმა უცხოელმა სტუმარმა, რომელსაც თვით ნიკიტა ხრუშჩოვისგან ჰგონდა „მწვანე შუქი ანთებული“ და მის ნებისმიერ კაპრიზს უსიტყვოდ ასრულებდნენ, საგანძურის ექსპონატები გადაარჩია – მათი შეძენა სურდა.
გადარჩეულ ექსპონატებს შორის იყო ბედიის ბარძიმი, ახალგორის განძი, ხახულის ხატის კარედი და სხვა ნივთები, რომელთა საერთო ღირებულებაც რამდენიმე მილიარდ მანეთს შეადგენდა.
როგორც ჩანს, სტუმარმა კარგად უწყოდა ექსპონატების ფასი და ამიტომაც მოითხოვდა დაჟინებით მათ მიყიდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საბჭოეთის პირველ პირთან ხრუშჩოვთან ჩივილით იმუქრებოდა.
ამირანაშვილმა სტუმარს განუცხადა, ამ საკითხს მარტო ვერ გადავწყვეტო და დრო ითხოვა. მაშინ უცხოელმა მუზეუმის დირექტორის მოხიბლვა-დაინტერესება გადაწყვიტა და დაჰპირდა, თუ საგანძურს მომყიდით, პირადად თქვენ სამ მილიონ მანეთს გაჩუქებთო.
აკადემიკოსმა ძლივს მოიცილა თავიდან აბეზარი სტუმარი და მაშინვე საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან დარეკა. როცა ცეკას მდივანს საქმის ვითარება გააცნო, ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. ფიქრის შემდეგ მჟავანაძემ აკადემიკოსს უთხრა:
— შალვა, სასწრაფოდ შვებულებაში გადი.
— უკვე ვისარგებლე შვეულებით, ახალი გამოსული ვარ სამსახურში. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ამას მაინც არ აქვს აზრი, ჩემი მოვალების შემსრულებელი განკარგავს საგანძურს, — აუხსნა ამირანაშვილმა.
— არ ვიცი, არ მაინტერესებს! თუნდაც არასაპატიო მიზეზით გააცდინე სამსახური და ორი კვირა თბილისში საერთოდ არ გამოჩნდე. რაც გინდა ის გააკეთე, ოღონდ თბილისს გაეცალე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საგანძური მუზეუმიდან არ გავიდეს, — იყო პასუხი.
და მჟავანაძე პრობლემის მოსაგვარებლად სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში. იქ კი მართლაც ყველაფერი იღონა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი გადაერწმუნებინა და ამერიკელი ბიზნესმენი უარით გაესტუმრებინათ.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. მოძალადე სტუმარი ხელცარიელი გაბრუნდა სამშობლოში, ერთხელ ძლივს გადარჩენილი საგანძური კი ისევ გადაურჩა ქვეყნიდან გატანას.
სხვათა შორის, ამ ამბავს მაშინ კინაღამ ემსხვერპლა ამაგდარი აკადემიკოსი. იმდენად დიდი იყო ნერვიული სტრესი, რომ შალვა ამირანაშვილმა ინფარქტი მიიღო და სიკვდილს ძლივს დაუსხლტა ხელიდან.
ყველა ახალი ამბავი
0