როდის შეასრულებს საქართველო ევროკომისიის ყველა პირობას - პარლამენტის თავმჯდომარის პროგნოზი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ელოდება ვენეციის კომისიის სამ დასკვნას კანონპროექტებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება შეიძლება გაჭიანურდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად კანონმდებლობის ცვლილების მთელი პროცესის დასრულებას 2023 წლის 1 იანვრამდე გეგმავდა.

„არის საკითხი, სადაც ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია. ეს არის „საარჩევნო კოდექსი“, მართლმსაჯულების რეფორმა და ახლა უკვე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი პროგნოზით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პასუხი უახლოეს პერიოდში არის მოსალოდნელი, ხოლო რაც შეეხება სასამართლო რეფორმას და კანონპროექტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, სპიკერი ვარაუდობს, რომ დასკვნა წლის ბოლომდე შეიძლება დაგვიანდეს.
ასევე, სპიკერის თქმით, კიდევ ორი საკითხი მოითხოვს ოპოზიციასთან შეთანხმებას, რასაც დრო სჭირდება.
„გარდა ამისა, არის ორი საკითხი – ომბუდსმენის არჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. აქ დამოკიდებული ვართ ოპოზიციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რომ შესაბამისი უმრავლესობა შეიკრიბოს კანდიდატების გარშემო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარი ვერსია ვენეციის კომისიას გაუგზავნა >>
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0