რატომ არ აქვეყნებენ სააკაშვილის კადრებს? ბრეგაძის პასუხი

© courtesy of Mikheil Saakashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რატომ არ ავრცელებს უწყება ვიდეოკადრებს, სადაც პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობაა ასახული.
ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შიმშილობის შემდეგ დაიწყო, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა.
მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ ადრე გაავრცელა ექს-პრეზიდენტის კადრები, რადგანაც სახელმწიფო დაადანაშაულეს პატიმრის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.

„დღეს არავინ ამბობს, რომ მას აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და ყოველდღე ჰყავს მნახველები. მას ნახულობენ ოჯახის წევრები, ადვოკატები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლები, კონკრეტულად, უკრაინის კონსული. ანუ ყველა ის პირი, ვისაც ამის უფლება აქვს“, – განაცხადა ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, მანამდე ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე თვეების განმავლობაში ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა-რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.
გასულ კვირაში სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
„ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი“ - კობახიძე სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0