წალენჯიხის მერი პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ საუბრობს

© Gia Kharchilavaგია ხარჩილავა
გია ხარჩილავა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს და ამის მერე აკეთოს განცხადებები.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მის მანქანას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს და ის მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.
საუბარია მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე. გამთენიისას ხარჩილავას სახლთან გაჩერებული მისი მანქანა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხარჩილავამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა.

„დადგინდა, რომ ეს იყო ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია მთელი დინამიკა, თუ როგორ მოხდა ეს ხანძარი. ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ხანძარი. მთელ პერიმეტრზე ვიდეოკამერებია, თუმცა პოლიციას ამ საქმეზე ეჭვმიტანილი ჯერ არ ჰყავს“, – განაცხადა ხარჩილავამ.

ოპოზიციონერი მერი მანქანის დაწვის ფაქტს პოლიტიკურ შეკვეთას უკავშირებს.
მისი თქმით, მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება არის გზავნილი ერთადერთი ოპოზიციური მერისა და მისი გუნდის მიმართ.
მერის ბრალდებებს მმართველ პარტიაში უპასუხეს. წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა მაია მიქავამ ხარჩილავას განცხადებას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა უწოდა.

„კარგია, როდესაც მერი ენდობა ექსპერტიზას, თუმცა გაუგებარია – ენდობოდე სახელმწიფოს ერთ ინსტიტუტს და არ ენდობოდე სასამართლოს. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. პარტია „ქართული ოცნება“ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს განცხადებას“, – განუცხადა მაია მიქავამ ჟურნალისტებს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხარჩილავა წალენჯიხის მერი გახდა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგად, რომელიც 2021 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
გიორგი ხარჩილავამ წალენჯიხის მერის არჩევნებზე ხმათა 51,1%-ით გაიმარჯვა. მისი კონკურენტი იყო გიორგი გულორდავა „ქართული ოცნებიდან“ (48,8%).
ყველა ახალი ამბავი
0