„გადაუმოწმებელი ინფორმაციაა“ – PSP-მ პრემიერს უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ერთ-ერთმა მსხვილმა სააფთიაქო ქსელმა PSP-მ უარყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საყვედურები თურქული მედიკამენტებისთვის ანტიპიარის გამო.
პრემიერმა PSP-ს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის გამო უსაყვედურა. მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როდესაც მომხმარებელი შედის აღნიშნულ სააფთიაქო ქსელში და გარკვეული მედიკამენტის ყიდვა სურს, მას კითხვას უსვამენ კონკრეტულად რომელი მედიკამენტი სურს – ხარისხიანი და ძვირიანი, თუ თურქული და უხარისხო.
„პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
PSP-ში აღნიშნეს, რომ მათთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან.
„ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, იმედს ვიტოვებთ ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი მიმდინარე წლის დასაწყისში გახსნა. იანვრის შუა რიცხვებიდან დაწყებული, მეზობელი ქვეყნიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შემოტანა დაიწყო. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში მაღალი ხარისხის თურქული მედიკამენტები და კონკურენცია გაჩნდა. შედეგად – მედიკამენტები საგრძნობლად გაიაფდა. პრემიერმა მაგალითი მოიყვანა და გაიხსენა, რომ ზოგიერთი მედიკამენტი 200-300 ლარი ღირდა, პროგრამის დაწყებისთანავე კი ისინი 30–50 ლარამდე გაიაფდა.
პრემიერი: PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ >>
ახალი წესებით აფთიაქებს მოეთხოვებათ ინფორმაციის ონლაინ წარდგენა. ჯანდაცვის სამინისტროს კი ექნება წვდომა მათ მონაცემთა ბაზებზე, რაც უწყების სპეციალისტებს მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის საშუალებას მისცემს.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლიდან ამოქმედდება.
საქართველოში წამლების რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავენ >>
ცვლილება შედის საქართველოს კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონებში. სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია.
რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება საშუალოდ 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.
ყველა ახალი ამბავი
0