მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირის საბჭომ სანქციების დარღვევა ევროკავშირის დანაშაულთა ნუსხაში შეიტანა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ნოემბერი − Sputnik. ევროკავშირის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დაემატოს შემზღუდავი ზომების დარღვევა იმ „ევროკავშირის დანაშაულებათა“ სიას, რომლებიც ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმებაშია შესული, ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.

„ევროკავშირმა უპრეცედენტო რაოდენობის სანქცია დააწესა, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგაა მიმართული, რათა მას აგრესიის გაგრძელების საშუალება წაერთვას. წარმატების მისაღწევად მათი რეალიზაციისთვის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ შემზღუდავი ზომებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთოს“, − აცხადებს ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი პაველ ბლაჟეკი.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეს-სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დღეისათვის წევრი სახელმწიფოები სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ, რა მიიჩნევა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევად, და სასჯელის რა ფორმები შეიძლება იყოს გამოყენებული მათი დარღვევის შემთხვევაში. ამას კი შესაძლოა სანქციების სხვადასხვა ხარისხით შესრულება და ასევე მათთვის გვერდის ავლა მოჰყვეს, რაც სანქცირებულ პირებს თავიანთ აქტივებთან წვდომის საშუალებასაც მისცემს და იმ რეჟიმების მხარდაჭერის საშუალებასაც გააჩენს, რომელთა წინააღმდეგაც არის მიმართული ევროკავშირის სანქციები.
სანქციების დარღვევის „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიაში ჩართვა პირველია იმ ორი ნაბიჯიდან, რომლებმაც სანქციების ერთნაირი გამოყენება უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის მასშტაბით, და შეაჩეროს რესტრიქციებისთვის გვერდის ავლის ან დარღვევის მცდელობები.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკომისია წარმოადგენს წინადადებებს დირექტივაზე, რომელიც ევროკავშირში სისხლის სამართლის დანაშაულებისა და შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სასჯელის განსაზღვრის მინიმალურ წესებს შეიცავს. ამის შემდეგ დირექტივის პროექტს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი განიხილავენ და დაამტკიცებენ.
დანაშაულის სფეროები, რომლებიც ახლაა ჩამოთვლილი ევროკავშირის ხელშეკრულებაში, არის: ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა და ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, გადახდის საშუალებების გაყალბება, კომპიუტერული დანაშაული და ორგანიზებული დანაშაული.
წყარო: European Council
ყველა ახალი ამბავი
0