თბილისის მეტროს რეაბილიტაციაზე უცხოური კომპანიები იმუშავებენ - კალაძემ მიზეზები განმარტა

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2022
გამოწერა
საქართველოში სამშენებლო კულტურა არ არსებობს, განაცხადა დედაქალაქის მერმა
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, რატომ უნდა ჩართოს დედაქალაქის მერიამ მეტროპოლიტენის განახლების პროექტებში უცხოური, და არა ქართული კომპანიები.
კალაძემ მაგალითად მოიყვანა მეტროს სადგური „გოცირიძე“, რომლის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. სამუშაოებს ქართული კომპანია ახორციელებს.
„უპასუხისმგებლობა, არანაირი სამშენებლო კულტურა. ამას თავი რომ დავანებოთ, ქართულ კომპანიებს არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება. იციან, რამხელა პასუხისმგებლობაა და ყველა ერიდება ასეთ პროექტებში შემოსვლას“, - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თბილისის მერმა ასევე შეეხო მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ თემას. მისი თქმით, ამ მეტროს სადგურისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა და ვერც ერთხელ ვერ მოიძებნა „ნორმალური კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს“.
„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ 12 მეტროს სადგურის ვესტიბიულის დაგეგმილ რეაბილიტაციაში, საერთაშორისო, უცხოურმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის“, - განაცხადა კალაძემ.
აზიის განვითარების ბანკის დახმარებით თბილისის მეტროს სადგურების გამტარუნარიანობა გაიზრდება >>
ადრე კალაძემ კატეგორიულად მიუღებელი უწოდა მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ვადების დარღვევას, რომელიც კონტრაქტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
კალაძის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, მაგრამ მეტროს სადგური ახლაც არაა ჩაბარებული.
სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. გასულ წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული მეტროს ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები საფრთხეს შეიცავდა.
© press-service of Tbilisi City Hallმეტროს სადგურ „გოცირიძის“ რემონტი
Ремонт станции Гоциридзе - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2022
მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რემონტი
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
ყველა ახალი ამბავი
0