ამჯერად მარიამს სხვა ამპლუაში წარმოგიდგენთ. სულ ახლახან მან ბავშვებისთვის ინოვაციური სათამაშო შექმნა, რომელიც პატარებს ყურადღების, მეხსიერების, ადაპტაციის, სწავლის უნარებისა და ნატიფი მოტორიკის განვითარებაში ეხმარება.
- უკვე ექვსი წელია, რაც უშუალოდ ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ მშობლებთან ვმუშაობ. ძირითად დროს სამსახურში ვატარებ, თუმცა გარდა ამისა ძალიან მიყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა და შესწავლა, წერა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და ღია, მწვანე სივრცეში დროის გატარება.
- სულ ახლახან ინოვაციური სათამოშო შექმენით პატარებისთვის. მოგვიყევით სათამაშოს შესახებ, რა დანიშნულება აქვს მას და რა კონკრეტული უნარების განვითარებაში ეხმარება ის ბავშვს?
- სათამაშოს შექმნის იდეა იტალიელი პედაგოგის, მეცნიერის და ფილოსოფოსის მარია მონტესორის მიდგომის და პრინციპების გაცნობის შემდეგ გამიჩნდა, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, თუმცა ვერ წარმომედგინა ეს იდეა როგორ განმეხორციელებინა. სათამაშო დაფა აერთიანებს „ნამდვილ“ ნივთებს, სენსორულ მასალას, რომელიც ექსპერიმენტების გზით გარემოს აღმოჩენასა და შესწავლაში ეხმარება ბავშვს. სათამაშო დაფა ხელს უწყობს ყურადღების, მეხსიერების, ადაპტაციის, სწავლის უნარებისა და ნატიფი მოტორიკის განვითარებას. ნატიფი მოტორიკის მიზანი კი ხელისა და თითების კუნთების განვითარებას გულისხმობს, ამავდროულად ხელის და თვალის კოორდინაციის სრულყოფას, რაც თავისთავად აისახება წერისა და კითხვის უნარებზე. ზოგადად მანიპულაციური აქტივობები ეხმარება ბავშვს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს სირთულეებს და მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები.
- რატომ გადაწყვიტეთ სათამაშოს შექმნა?
- სულ ვფიქრობდი საკუთარი ხელით შემექმნა ისეთი სათამაშო, რომელიც გააერთიანებდა მხიარულად გართობასა და სწავლას, ამავდროულად ხელს შეუწყობდა ბავშვის ასაკობრივ განვითარებას. ამიტომ ერთ დღეს, კარანტინის პერიოდში შევიძინე ხის დაფა, მოვიძიე სახლში ნივთები და საკუთარი ხელით შექმნა ვცადე. საბოლოო ჯამში გამოვიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ განვითარების პროცესში ვართ. მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა საკუთარი ხელით შექმნა სათამაშო, რომლის დახმარებითაც ბავშვი სამყაროს შეისწავლის.
- რა მასალით იქმნება თქვენი სათამაშო?
- გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ხის დაფა, საღებავები და ნამდვილი ნივთები – თასმა, ონკანი, ურდული და ა.შ. – ის ნამდვილი ნივთები და სამანიპულაციო მექანიზმები, რომელთაც გარემოში რეალურად ვხვდებით.
- რა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი?
- დაფა განკუთვნილია ორი წლიდან ოთხ წლამდე ასაკზე, განსხვავებულია დაფის ზომები და დატვირთვაც.
- ზოგადად, რა დანიშნულება აქვს ბავშვისთვის სათამაშოს?
- თამაში მხოლოდ გართობას არ გულისხმობს, ის ბავშვს მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს და ხელს უწყობს იმ უნარების განვითარებას, რაც უმნიშვნელოვანესია კომპლექსური ასაკობრივი განვითარების თვალსაზრისით. თამაში და სათამაშო ბავშვს ეხმარება საკუთარი სამყაროს, გარემოს შესწავლაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ სათამაშო აუცილებლად სწორად უნდა იყოს შერჩეული, იგულისხმება ასაკი, ინტერესი, ხარისხი და ა.შ.
- როგორი უნდა იყოს ბავშვის პირველი სათამაშო?
- როგორც აღვნიშნე, ყველა სათამაშო შერჩეული უნდა იყოს აუცილებლად ასაკის მიხედვით. ჩვილების შემთხვევაში რეკომენდებულია მუსიკალური სათამაშოები, საჩხარუნოები და რეზინის ხმოვანი სათამაშოები.
- ბოლო პერიოდში სათამაშო გაჯეტებმა ჩაანაცვლა. რა გავლენას ახდენს გაჯეტის ჭარბი დოზით გამოყენება ბავშვის გონებრივ განვითარებზე?
- გაჯეტებთან დიდი დროის გატარების გამო ხშირად ბავშვებს უყალიბდებათ მიჯაჭვულობა ეკრანზე, ვირტუალურ სამყაროში ეძებენ იმას, რისი დანაკლისიც აქვთ რეალურ ცხოვრებაში, ან რისიც ეშინიათ, იმ ქმედებას მარტივად განახორციელებენ ეკრანს მიღმა. შედეგი ერთი და ცალსახა არ არის, ამის შემდეგ უჭირთ ხოლმე რეალურ ყოველდღიურობაში სირთულეებთან გამკლავება, დროის მართვა, ეკრანთან მირთმევის დროს ულუფის ზომის კონტროლი, კომუნიკაციის ჩამოყალიბება და ზოგადად სოციალურ აქტივობებში ჩართვა.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- მსურს კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა და მოვუყვე, თუ რას ნიშნავს „სათამაშო“, რას გულისხმობს სენსორული დაფა, რა როლი აქვს ბავშვის განვითარებაში, რატომ ვიყენებ ნამდვილ ზარს, ონკანს და არა სათამაშოს. თვითონ დაფა და სათამაშოს სტრუქტურა ახლაც დახვეწის და განვითარების პროცესშია, რათა კიდევ უფრო მეტად მულტიფუნქცური და მხიარული იყოს ბავშვებისთვის.