საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირები კატეგორიებად დაიყოფა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
საჯარო რეესტრში აღრიცხულ იურიდიულ პირებს ექვს კატეგორიად დაყოფენ.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევა შესწორებების პროექტი კანონში „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“, რომელიც ყველა მსგავსი კომპანიის კატეგორიებად დაჯგუფებას ითვალისწინებს.
პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, რომელიც განმარტავს, რომ კატეგორიებად დაყოფა არის ახალი რეფორმის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს მკაცრ კრიტერიუმებს თითოეული კატეგორიისთვის და ამით დაარეგულირებს მსგავსი კომპანიების ფუნქციებს.
შესწორებების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის დაწესებულება, რომელიც შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც განცალკევებულია საკანონმდებლო და სახელმწიფო ხელისუფლებისგან, დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობას სახელმწიფოს კონტროლით.

საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ) ექვს კატეგორიად დაიყოფა: საჯარო სამართლის კორპორაცია, დამოუკიდებელი, დარგთაშორისი, დარგობრივი, მომსახურების მიმწოდებელი და საზოგადოებრივი სსიპ.

შესწორებების თანახმად, საჯარო სამართლის კორპორაციად ჩაითვლება დაწესებულება, რომელიც წევრობის პრინციპზეა დაფუძნებული.
საჯარო სამართლის დამოუკიდებელი იურიდიული პირი შეასრულებს საჯარო–სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელიც არ გულისხმობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებას, მაგრამ ეხება სახელმწიფო კონტროლსა და მეთვალყურეობას ან საზოგადოებრივ მაუწყებლობას.
საჯარო სამართლის დარგთაშორისი იურიდიული პირი იქნება დაწესებულება, რომლის უფლებამოსილება ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას, მაგრამ არა სახელმწიფო მართვის კონკრეტული ორგანოს უფლებამოსილებას.
საჯარო სამართლის დარგობრივ იურიდიულ პირად ჩაითვლება დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის ან სახელმწიფო ორგანოს დადგენილების საფუძველზე, რომელიც ახორციელებს უფლებამოსილებას, რომელზე კონტროლიც კანონის მიხედვით მთლიანად ეკუთვნის დადგენილების გამომცემ ორგანოს.
მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდება დაწესებულება, რომელიც განახორციელებს მომსახურებას, რომელიც სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გააკონტროლონ.
საჯარო სამართლის საზოგადოებრივი იურიდიული პირი იქნება დაწესებულება, რომელიც განახორციელებს საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო, კვლევით ან სპორტულ საქმიანობას.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს კატეგორიებად დაყოფს საქართველოს მთავრობა სპეციალური დადგენილებით მას შემდეგ, რაც კანონში აღნიშნულ შესწორებებს სამი მოსმენით მიიღებს პარლამენტი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმა საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, მხოლოდ ქართული კანონები მსგავსი 66 დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, გარდა ამისა, სსიპ-ები შექმნილია მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0