მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 575-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 58 წინააღმდეგი იყო, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა მის მისაღებად არაერთი საერთაშორისო აქტის, კონვენციისა და რეზოლუციის გარდა, გაითვალისწინა რუსეთის ფედერაციის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული საომარი მოქმედებები, მათ შორის, უკრაინაში, საქართველოსა და ჩეჩნეთში, ასევე სხვადასხვა პირებისა და ორგანიზაციების მიმართ ჩადენილი მოქმედებები, აგრეთვე ის ფაქტი, რომ „რუსეთი ახალისებს, აფინანსებს და ახორციელებს ტერორისტულ აქტებს პოლიტიკური ოპონენტებისა და ეროვნული სახელმწიფოების მიმართ“.

„[ევროპარლამენტი] აცხადებს რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ სახელმწიფოდ და ცნობს მისი პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტისა და სხვა ორგანოების ქმედებებს ტერორისტულ აქტებად. გამომდინარე აქედან, რუსეთის ფედერაციის ყველა ოფიციალური ორგანო უნდა განიხილებოდეს როგორც ტერორისტული ორგანიზაცია“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან ევროპარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს, შეიმუშაონ ახალი კანონმდებლობა, რომელიც ტერიროსტთა ჩამონათვალში სახელწიფოების შეყვანას დაუშვებს. ამ დროისათვის ევროკავშირის ტერორისტთა სიაში მხოლოდ ორგანიზაციებისა და ცალკეული ადამიანების შეყვანაა ნებადართული.
გარდა ამისა, აღნიშნული რეზოლუციით ევროდეპუტატები ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვენ, დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. ამასთან დოკუმენტზე კენჭისყრის დაწყებამდე, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, აღინიშნა, რომ რეზოლუცია უნდა იყოს ნაბიჯი იმისკენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც რეზოლუციითაა გათვალისწინებული — ეს არის მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი, გააძლიერონ რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები „აბსოლუტურად აუცილებელ მინიმუმამდე“ დაიყვანონ და გარიცხონ რუსეთი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფორუმებიდან, როგორებიცაა გაეროს უშიშროების საბჭო და G20.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია განსახილველად გაეგზავნება ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს, გაეროს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს, ასევე რუსეთისა და უკრაინის მთავრობებსა და პარლამენტებს.
ყველა ახალი ამბავი
0