ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerსაათი მეიდანზე
საათი მეიდანზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
2022 წელს ჩვენი ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც რეგიონში არსებობს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ძალიან მოკლე დროში აღდგა და აქვს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის სექტემბერში 8,8% შეადგინა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ცხრა თვეში კი 10,2%-ს შეადგენს. ამასთან, შემცირება დაიწყო ინფლაციის დონემ.

„მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც არსებობს რეგიონში და, ზოგადად, გლობალურად, 2022 წელს ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს ზრდას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში 2021 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს

როგორც მინისტრმა განაცხადა, „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.
წინასწარი მონაცემებით, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2021 წელს 10,4% იყო.
2021 წელს მშპ-ის მაჩვენებელმა შეადგინა 60 მილიარდი ლარი. საანგარიშო პერიოდში დეფლატორმა შეადგინა 10,5%, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5.023,2 დოლარი იყო (ერთი წლის წინ – 4.255,7 დოლარი).
ყველაზე მაღალი ზრდა 2021 წელს გამოვლინდა დასვენებისა და გართობის სფეროებში, განთავსების ადგილებითა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის სფეროებში, კომუნალური მომსახურების სფეროში.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდის მქონე პირველი 5 სფერო
ეკონომიკის სფერო ზრდა, %
ელექტრო- და გაზმომარაგება – 44,4
განთავსების ადგილებითა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა – 34,0
დასვენება და გართობა – 47,2
ჯანდაცვა – 29,3
წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებასთან ბრძოლა – 75,4
ვარდნა გამოვლინდა სამშენებლო (-23,9%) და სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის (-0,9%) სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წონა აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, ოპერაციებს უძრავი ქონებისა და მშენებლობის სფეროში.
ეკონომიკის ტოპ-ხუთეული, რომელსაც 2021 წელს მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წონა ჰქონდა
ეკონომიკის სფერო ხვედრითი წონა მშპ-ში
ვაჭრობა – 15,4
გადამამუშავებელი მრეწველობა – 11,3
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები – 10,2
მშენებლობა – 7,5
სასოფლო, სატყეო და თევზჭერის მრეწველობა – 7,4

რის ხარჯზე იზრდება საქართველოს ეკონომიკა

დავითაშვილის სიტყვებით, ეკონომიკის ზრდამ მიმდინარე წლის იანვარი–სექტემბერში 10,2% შეადგინა.
„ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკური საქმიანობის ზრდამ ტრანსპორტისა და სასაწყობე, სამშენებლო, სამრეწველო და მომსახურების სფეროებში, მათ შორის, ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროში“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, უცხოური ვალუტის შემოდინება ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

„ექსპორტი გაიზარდა 34%-ით, 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა და აქედან ადგილობრივი ექსპორტი 25%-ით გაიზარდა, რამაც 3,1 მილიარდი შეადგინა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, 2022 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ მოიზიდა 922 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, საიდანაც 43%-ზე მეტი ევროკავშირზე მოდის. „ეს პირველი ორი კვარტლის მონაცემებია. იმედი გვაქვს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილმა ტურიზმის აღდგენის მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა და დასძინა, რომ დარგიდან შემოსავლებმა 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა.
„საქართველომ ტურიზმიდან 2,854 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლების ზრდაში ტურიზმს კიდევ გააჩნია პოტენციალი და რეზერვები, რადგან ვიზიტორთა რაოდენობა არ არის სრულად აღდგენილი 2019 წელთან შედარებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

როგორ აისახა ეკონომიკური ზრდა უმუშევრობაზე

დავითაშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში დასაქმების დონეზეც აისახა.

„მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე გავიდა – 15,6%, რაც არის ოფიციალური მონაცემი, რომელიც უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაქვს. ასევე ეს უკეთესი მონაცემია იმასთან შედარებით, რაც პანდემიამდე გვქონდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიური 77.500 ადამიანით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით – 47.400 ადამიანით.
„აღნიშნული ცხადყოფს, რომ ეკონომიკის მაღალი ზრდა ასევე აისახება დასაქმებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიც მოიშველია, რომელთა მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში – 2022-2027 წლებში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს, ასევე უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპაში – 5,8%.
ყველა ახალი ამბავი
0