ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ომბუდსმენობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
სამმა კანდიდატმა გადაწყვიტა უარი ეთქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, მათ მხარი კომიტეტმაც არ დაუჭირა.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე თავდაპირველად წარდგენილი 19 კანდიდატიდან 15-ს მხარს დაუჭერს.
პარტიების მიერ წარდგენილი 19 კანდიდატიდან კომიტეტის წინაშე 18 გამოვიდა. ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა კონკურსში პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის იაგო ხვიჩიას მონაწილეობის გამო.

„გადავწყვიტეთ ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ“, – განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტის სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ სამმა კანდიდატმა გადაწყვიტა უარი ეთქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, შესაბამისად, კომიტეტმაც უარი თქვა მათ მხარდაჭერაზე. ნაზი ჯანეზაშვილი გახდა ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც კომიტეტმა უარი უთხრა, რადგან მან კითხვებს არ უპასუხა.
ამგვარად, პარლამენტში სახალხო დამცველის პოსტზე დასამტკიცებლად 15 კანდიდატს უყრიან კენჭს.
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას. ვის დაუჭერენ მხარს პარტიები, ჯერჯერობით უცნობია. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ამ ეტაპზე პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები იმის გასარკვევად, თუ რომელ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს 90 ხმის მიღების პოტენციალი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე კანდიდატი უკვე არის გამორჩეული, თუმცა კომიტეტის ხელმძღვანელმა მათი ვინაობა არ დააკონკრეტა.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას ერთსულოვანი მხარდაჭერა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის პოსტის კანდიდატების სრული სია კი ასე გამოიყურება:
ანა აბაშიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი
სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი
ყველა ახალი ამბავი
0