საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის ტესტირებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკის მთავარი ოფისი მდებარეობს
იუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკის მთავარი ოფისი მდებარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკი ასევე აკვირდება იმას, თუ როგორ იყენებენ ციფრულ ვალუტას სხვა უფრო მსხვილი ეროვნული ბანკები, განაცხადა მარეგულირებლის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში ციფრული ლარის გამოყენების საპილოტო პროექტის განხორციელებას გეგმავს, განაცხადა მარეგულირებლის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (central bank digital currency, CBDC) ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი ფინტექ–კომპანიებთან და დაინტერესებულ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

„მუშაობა გრძელდება, ზუსტად ვერ გეტყვით როდის იქნება შედეგი, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ საპილოტო დონეზე შემოვიღოთ ტესტირება, რათა გავიგოთ – იმ მიზნებს, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, უნდა მოემსახუროს თუ არა ციფრული ლარი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ასევე აკვირდება იმას, თუ როგორ იყენებენ ციფრულ ვალუტას სხვა უფრო მსხვილი ეროვნული ბანკები, და სხვადასხვა კომპანიების წინადადებებს განიხილავს.
ადრე ეროვნულმა ბანკმა ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების გამარტივებისა და გადახდის სისტემის ეფექტურობის ამაღლების მიზნით 2022 წლიდან ციფრული ვალუტის გამოშვების დაწყება დააანონსა.

სიახლეები ციფრულ ვალუტაში

ამჟამად ქვეყნების ცენტრალური ბანკები ფულის ორ სახეობას უშვებენ: ნაღდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული და „ფული ბანკებისთვის“ – კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რაც მხოლოდ ბანკებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ფული ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა. დანარჩენ ფულს ეკონომიკაში ქმნის საბანკო სექტორი კრედიტების საშუალებით, და საბანკო ანგარიშებზე არსებული მოქალაქეებისა და კომპანიების უნაღდო საშუალებები კომერციული ბანკების ვალდებულებებს წარმოადგენს.
საქართველო მიისწრაფვის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრებისკენ >>
ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ასევე შეიძლება ორი სახის იყოს: საცალო (retail) – ნაღდი ფულის ციფრული ანალოგი, მომხმარებლის ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის), და საბითუმო (wholesale) – „ბანკების ფულის“ ციფრული ანალოგი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებისთვის.
საცალო CBDC-ს შეიძლება ვუწოდოთ „სარეზერვო ანგარიშები ყველასთვის“ და მისი საკვანძო სიახლეა ცენტრალური ბანკის ვალდებულებებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება.

რა განსხვავებაა ციფრულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორის

კრიპტოვალუტას, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისგან განსხვავებით, არ გააჩნია ფულის მნიშვნელოვანი თვისებები, არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის გამოშვებასა და შემდგომ ბრუნვას.
კერძოდ, კრიპტოვალუტა შეიძლება გადავიდეს ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელთან. მაგრამ, პირველ რიგში, მას არა აქვს გადახდის საშუალების უნარი. მეორეც, კრიპტოვალუტა არ შეიძლება იყოს დანაზოგის საიმედო საშუალება, რადგან მისი ღირებულება ყოველდღიურად და ყოველთვიურად ძალიან მერყეობს, მიიჩნევენ ექსპერტები.
და, მესამე – კრიპტოვალუტას არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის საიმედოობასა და გამოშვების პროცესის პასუხისმგებლობას და ამ ინსტრუმენტების შემდგომ ბრუნვას.
ყველა ახალი ამბავი
0