პრემიერი: საქართველო იღებს დახმარებას დასავლეთისგან, მაგრამ წვლილიც შეაქვს საერთო საქმეში

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ოპერაციებში 35 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაუმტკიცა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ ის არა მხოლოდ იღებს მათ დახმარებას, არამედ თავისი წვლილიც შეაქვს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
ასე უპასუხა პრემიერმა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება საქართველოს დასავლეთისგან აშორებს – არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ასევე აკრიტიკებს დასავლელ პოლიტიკოსებს.

„ჩვენ, ქართველმა ხალხმა მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებით დავუმტკიცეთ ჩვენს ევროპელ, დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ მიმღები ვართ მათი მხარდაჭერის, არამედ ვართ კონტრიბუტორებიც. ჩვენ მიერ შეტანილი წვლილი და გაღებული სისხლი ძალიან ღირებულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 35-მა ქართველმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა დასავლელი პარტნიორების მიერ წარმოებულ მისიებს ერაყში, ავღანეთში, მანამდე – კოსოვოში, შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ამ მისიებში 500-ზე მეტი სამხედრო მძიმედ დაიჭრა.
„500-ზე მეტი ჩვენი სამხედრო მძიმედ დაიჭრა, უმძიმესი ჭრილობები მიიღეს. საკუთარი ნებით გაწირეს ჯანმრთელობა. ამას სჭირდება გულწრფელი დაფასება... ყველაფერს დავარქვათ სახელი და ნუ მოვატყუებთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, ევროკავშირის ეგიდით მისიას ცენტრალურ აფრიკაში უზარმაზარი პრობლემები ჰქონდა.
პრემიერი: ხელისუფლება, ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობს>>
„რომ არა ჩვენი ჩართულობა და ჩვენ მიერ გაგზავნილი ჯარის კონტრიბუცია, ეს მისია ვერ შედგებოდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ ყველაფერს უზარმაზარი ფასი აქვს.
„ეს ფასი ჩვენ, ქართველებს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია რაღაც ვალდებულებით, ეს გავაკეთეთ პატივისცემით, იმ შეგნებით, რომ ჩვენც გვსურს ვიყოთ თანამონაწილეები ამ გლობალური პროცესების და საერთაშორისო მისიების“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობის გაძლიერება და პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება.
„ჩემი პირადი ვალდებულებაა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან, ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან და არა მხოლოდ მათთან, რეგიონში ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხში მარტივია და სპეკულაციების საბაბი არ არსებობს.
„ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ კრიტიკის მიმართ, რომელიც მმართველი პარტიის ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს. „ხალხის ძალა“ მკვეთრად აკრიტიკებს აშშ-ის საელჩოს, დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის, სასამართლოსა და სხვა საკითხებში ქვეყნის უკუსვლაში ადანაშაულებენ.
„ხალხის ძალა“: აშშ ფულს საქართველოში აგენტურაზე ხარჯავს>>
ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხისთვის სიტყვის თავისუფლების დაბრუნებაა. სწორედ ამიტომ, პრემიერის თქმით, ხელისუფლება „ხალხის ძალის“ საქმეებში არ ერევა.
„რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად მიუღებელია, ვისურვებდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0