გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობა“ რევოლუციურ შტაბად იქცა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიაში ახლა მიდის იმაზე მსჯელობა, თუ ვინ აკმაყოფილებს რევოლუციურ მახასიათებელს.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან რევოლუციურ შტაბად იქცა, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
გასულ კვირაში ოპოზიციური პარტიის ლიდერთა ნაწილმა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ღიად გააკრიტიკა და მის დაბალ ლეგიტიმაციაზე მიანიშნა. ამ დროისათვის პარტია შიდა არჩევნებისთვის ემზადება – მელიას გარდა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პრეტენზიას გამოთქვამენ ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სუბიექტიდან იქცა რევოლუციურ შტაბად, რომლის სათავეში ის ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც რევოლუციურ იდეებს უკეთ განახორციელებს. ისინი ამ თემაზე ერთმანეთში დავობენ. რევოლუციური შტაბის წევრები გადაწყვეტენ ამ მახასიათებლით ხაბეიშვილი იქნება უკეთესი თუ სხვა ვინმე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ხაბეიშვილი პარლამენტის დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. იგი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით ხშირად აკეთებს მკაცრ განცხადებებს და მათ კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილი არაერთხელ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა თუ მის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების დროს მოვლენების ეპიცენტრში.
ხაბეიშვილმა, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა გუშინ წამოაყენა, განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილია პარტიის გააქტიურება და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში უფრო მეტი ძალისხმევა.
მას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და სააკაშვილის ძველმა თანამოაზრეებმა - დავით კირკიტაძემ და გიორგი ბოტკოველმა.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
„ნაცმოძრაობა“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დატოვა>>>
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0