შეძლებს თუ არა საქართველო, გახდეს წყალბადის ექსპორტიორი?

© Sputnik / Alexander Imedashviliქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
მელიქიძის თქმით, საქართველოში ბევრი მეცნიერია, რომელსაც შეუძლია ამ სფეროში კვლევების ჩატარება.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შეუძლია დაიწყოს წყალბადის როგორც შიდა ბაზარზე გამოყენება, ისე ექსპორტზე გატანა, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია სამეცნიერო კვლევების ჩატარება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა მაია მელიქიძემ მედიაპლატფორმა BMG-ს გადაცემაში.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და შანსი – გავხდეთ ქვეყანა, რომელიც წყალბადს როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე ექსპორტისთვის იყენებს. ამის განვითარებისთვის კი მთავარია მეცნიერული კვლევების ჩატარება, რათა თავი უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, რისი ადამიანური რესურსიც გვაქვს“, – განაცხადა მელიქიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი მეცნიერია, რომლებსაც შეუძლიათ ამ სფეროში კვლევების ჩატარება.
„მზისა და ქარის ენერგეტიკა შედარებით ახალია. ჰიდროენერგეტიკა კი ახალი არ არის. სექტემბერში ამერიკაში როცა ვიყავი, შევამჩნიე, რომ კომპანიების დიდ ნაწილს მანქანები წყალბადზე გადაჰყავთ და ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა“, – აღნიშნა მელიქიძემ, რომელიც ასევე არის რეგიონული ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული ჩანდეს წყალბადის მალფეთქებადი თვისების გამო, საქართველოს აქვს ტექნოლოგიების ისე განვითარების შესაძლებლობა, რომ ავტომობილები ამ საფრთხისგან დაცული იყოს.
ქართულმა ბიზნესმა ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის სქემა დადებითად შეაფასა>>>
საქართველო უკვე გეგმავს „მწვანე“ წყალბადის გამოყენების საპილოტო პროექტის დაწყებას. 2021 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და გერმანიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „მწვანე“ წყალბადის წარმოების პოტენციალის შესწავლის შესახებ.
„მწვანე“ წყალბადი მიიღება წყლის ელექტროლიზით განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის გამოყენებით.
მას აქვს დიდი პოტენციალი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, რადგან შეუძლია შეცვალოს წიაღისეული საწვავი იქ, სადაც დეკარბონიზაცია უფრო რთულია, მაგალითად, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში, ან ზოგიერთ სამრეწველო პროცესში.
„მწვანე" წყალბადს ასევე აქვს ენერგიის შენახვის სეზონური სისტემის დიდი პოტენციალი.
საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი
მელიქიძის თქმით, საქართველოს 60 ათასი მეგავატი ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამჟამად გაცილებით ნაკლებს აწარმოებს.
2030 წლისთვის შიდა ბაზარზე მოხმარება 22 ათასი მეგავატი იქნება და თუ საქართველო მომავალ 8 წელში საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისებას მოახერხებს, მაშინ ზედმეტი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას შეძლებს.
საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება. იმისთვის, რომ ქვეყანა სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე არ აღმოჩნდეს, ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახდა.
ვარჰეი: ევროპას საქართველო სჭირდება, როგორც საიმედო ენერგომომწოდებელი>>>
მთავრობამ შეიმუშავა ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის მანძილზე ჯამში 1,5 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში გამომუშავდა 9,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,6%-ით მეტია; ხოლო ამავე პერიოდში გამოყენებული იყო 10 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0