საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

© Constitutional Court of Georgiaსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
სასამართლო აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულ სახელმწიფო ინსპექტორს არ შესთავაზეს ერთ-ერთი სამსახურის უფროსის თანამდებობა და არ გადაუხადეს კომპენსაცია.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის შეტანიდან 10 თვეში არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას და მისი მოადგილეების გათავისუფლება.
2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. შედეგად – გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ბაზაზე შეიქმნა ორი ახალი სტრუქტურა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. 2022 წლის 1 მარტს თოლორაია და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ამოწურვამდე (2025 წელს) გაათავისუფლეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედმა უფროსმა ლონდა თოლორაიამ 2022 წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და უწყების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და მისი გათავისუფლება გაასაჩივრა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან ლონდა თოლორაიას არ შესთავაზეს ერთ-ერთი ახალი სამსახურის უფროსის თანამდებობა და ავტომატურად არ დანიშნეს, ასევე არ გადაუხადეს კომპენსაცია, ეს უფლებამოსილებაში ჩარევას წარმოადგენს.
„ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშვნა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო >>
ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს – იმოქმედა თუ არა რეფორმის განხორციელებისას საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად და გაატარა თუ არა ღონისძიებები იმ თანამდებობის პირთა უფლებების დაცვისა თუ ზიანის შემცირების მიმართულებით, რომელთა უფლებამოსილების გარანტირებული ვადაც, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გამო, საფრთხის ქვეშ დადგებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო მუხლების „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ნაწილები, რომლებიც შემდეგნაირად ჟღერს: „2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა“. ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს უნდა შესთავაზონ კომპენსაციები ან ტოლფასი თანამდებობები.
ამავე დროს სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და განაცხადა, რომ პარლამენტი უფლებამოსილია უწყებების რეფორმირება განახორციელოს.
ყველა ახალი ამბავი
0