დეპუტატი: საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება ინფლაციაზე აისახება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი განხილვის შემდეგ პროექტი დასამუშავებლად მთავრობას გადაეგზავნება.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2023 წელს შემცირდება და 3%-ზე ნაკლები იქნება, განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
საქართველოს საპარლამენტო კომიტეტებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა დასასრულს უახლოვდება. ბოლო კომიტეტი, რომელიც ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს განიხილავს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი განხილვის შემდეგ პროექტი დასამუშავებლად მთავრობას გადაეგზავნება.

„ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და იგი 3%-ზე ნაკლები იქნება. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მან გავლენა უნდა მოახდინოს ინფლაციაზე, რომელიც აწუხებს და მტკივნეული თემაა საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კოვზანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება. ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 10,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წლიურმა ინფლაციამ მაისში შეადგინა 13,3%, ივნისში – 12,8%, ივლისში – 11,5%, აგვისტოში – 10,9%, ხოლო სექტემბერში – 11,5%.
კოვზანაძის თქმით, მომავალ წელს ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსიის გაზრდაა გათვალისწინებული. ასევე ხელფასები გაიზრდება საჯარო სექტორში – 10%-ით, ხოლო სამხედრო ნაწილებსა და პოლიციაში – 20%-ით.
„ეს მნიშვნელოვანი ციფრებია ყველასთვის“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მთავრობა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს მიმდინარე წლის დეკემბერში წარუდგენს.
როდის განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს: ხუციშვილი>>>
პროექტის თანახმად, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 1,9 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,3 მლრდ ლარი იქნება. ამასთან, შემოსავლები 2,6 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 17,2 მლრდ ლარი იქნება.
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეფუძნება კონსერვატიულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და ორიენტირებულია ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0