ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება

© Pixabay / congerdesignღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის რიგით მეხუთე ფორუმი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავს „საფერავის ფესტივალს“, ქართული ღვინის დეგუსტაციას და სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციაში მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას.
მიმდინარე წელს კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქართული ღვინო გლობალურ ეკონომიკურ და საბაზრო კონტექსტში, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის ინდუსტრიის მოკლე მიმოხილვა, ქართული ველური და კულტურული ჯიშების მახასიათებლები და სხვ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ და მზარდ ბაზარს წარმოადგენს, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები კი ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, რომელიც ქართული ღვინის ფორუმს ესწრება.

ფორუმის ორგანიზატორია საქართველო-ამერიკის ბიზნეს-საბჭო, მხარდამჭერები კი ღვინის ეროვნული სააგენტო და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო არიან.
სააგენტოს ინფორმაციით, „ქართული ღვინის ფორუმი“ აშშ-ში უკვე მეხუთედ იმართება. პირველ ფორუმს 2018 წელს ვაშინგტონმა, 2019 წელს კი ბოსტონმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა. 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა, გასულ წელს კი ბოსტონში დეგუსტაცია-სემინარი Amber Wine Festival in Boston ჩატარდა, ხოლო ფილადელფიაში – ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის საღამოს უმასპინძლა>>
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, აშშ-ში უკვე ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წელს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – 1 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრი ღვინის ფასი 6 დოლარს აღემატება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0