„ნულოვანი ფასი“ - კობახიძე ევროპარლამენტის კომიტეტის ანგარიშზე საქართველოს შესახებ

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ არაზუსტი და უსამართლოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ანგარიშში, რომელიც კომპრომისული შესწორებებით მიიღეს, გამოხატულია შეშფოთება საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ღრმა პოლარიზაციის გამო. ამასთან დაკავშირებით ევროდეპუტატებმა პოლიტიკოსებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალისხმევა, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ევროინტეგრაცია, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ამბიციური დემოკრატიული რეფორმების, ასევე სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით.

„ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ახორციელებენ ასეთი ცვლილებების ინიცირებას, ყველაფერზე ინფორმირებული არიან. მათ აქვთ სრული ინფორმაცია. აქ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი. მათ ამოძრავებთ გარკვეული პოლიტიკური ინტერესი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ ინტერესის შედეგია „აბსოლუტურად გაუმართავი და უსამართლო ჩანაწერები“, რომელიც ევროპარლამენტის ან ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ტექსტებში გვხვდება.
„ესეც მორიგი ამის გამოვლინებაა. ამ რეზოლუციას ჩვენთვის აქვს ნულოვანი ფასი. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არის სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი“, – განაცხადა კობახიძემ.
კომპრომისულ შესწორებებში აღარ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე, თუმცა მოცემულია რეკომენდაცია რეფორმების გზით მოგვარდეს კერძო ინტერესების, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის „გადაჭარბებული გავლენა“ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ობიექტური თუ აბსურდული? როგორ შეაფასეს საქართველოში ევროპარლამენტის კომიტეტის ანგარიში>>
ევროდეპუტატებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზნით გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. ამასთან, კომპრომისულ ვარიატში აღარ არის ნათქვამი, რომ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა.
მიღებულ ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენდირექტორის ნიკა გვარამიას საქმის გადახედვის აუცილებლობაზე. „რუსთავი 2“-სთვის (როდესაც იგი გენდირექტორი იყო) 6,8 მლნ ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
კობახიძე: ევროპარლამენტის დეპუტატებმა ივანიშვილი გენიოსად აღიარეს>>
ანგარიშში ასევე საუბარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „პოლიტიზებული მართლმსაჯულების აშკარა დემონსტრირებაზე“.
სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7–7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. სასამართლოს განაჩენი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საფუძველი გახდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0