კობახიძე: ევროპარლამენტის დეპუტატებმა ივანიშვილი გენიოსად აღიარეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, მმართველი პარტია და პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ ფინანსდება და არც საჭიროებს პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კომპრომისული შესწორებებით მიიღო ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. კომპრომისულ შესწორებებში აღარ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე, თუმცა მოცემულია რეკომენდაცია რეფორმების გზით მოგვარდეს კერძო ინტერესების, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის „გადაჭარბებული გავლენის“ საკითხი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

„არცერთი თეთრით მას არ დაუფინანსებია არც პარტია, არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ სხვა სუბიექტი... ჩვენ არ ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მმართველი პარტია და პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით.
„საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც სრულიად საკმარისია როგორც არჩევნების, ისე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, თუ ივანიშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია ხორციელდება და „ამას ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს უბრალოდ სასაცილოა“.
„ბიძინა ივანიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს თითოეულ ამ ოდიოზურ ევროდეპუტატს იმისთვის, რომ ის იქნა აღიარებული, როგორც გენიოსი... ადამიანი, რომელიც თვეში ან სამ თვეში ერთხელ ურეკავს პრემიერს ან პარტიის თავმჯდომარეს და სატელეფონო ზარებით ახერხებს იმას, რომ მთელ სახელმწიფოს აკონტროლებს და მართავს... ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სასაცილოა“, – განაცხადა კობახიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ის მაინც განაგრძობს ქვეყნის მართვას, ოღონდ კულისებიდან.
ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგი საკითხების თაობაზე ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ პოლიტიკიდან წასული მილიარდელის ქვეყნის მართვაში ჩართულობას.
ყველა ახალი ამბავი
0