მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბავშვი, რომელმაც ბებიისა და პაპის ტყვეობაში თითქმის 8 წელი გაატარა, თავისუფალია

© Pixabay / Counselling
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რვა წლის გოგონა, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი ბებიასა და პაპას, გერმანიის პოლიციამ ტყვეობიდან გაათავისუფლა, წერს გაზეთი The Guardian.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი იმდენად დასუსტებული იყო ფიზიკურად, რომ კიბეებზე ძლივს ადიოდა.
გოგონამ, რომელსაც გერმანულმა მედიამ პირობითად მარია შეარქვა, 7,5 წელი გაატარა პატარა ქალაქ ატენდორნში მცხოვრები ბებიისა და პაპის (დედის მხრიდან) სახლში, ჩაკეტილ ოთახში.
ექიმების თქმით, რომლებმაც მარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, ბავშვს ფიზიკური ძალადობის ან კვების ნაკლებობის კვალი არ აღენიშნება. თუმცა, როგორც მარიამ გამოკითხვისას თქვა, ის არასდროს ყოფილა გარეთ, არ უმგზავრია მანქანით, არ უნახავს ტყე თუ მინდვრები.
თუ რატომ ჰყავდათ ნათესავებს ბავშვი გამოკეტილი, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, ვინაიდან მისი დედა, ბებია და პაპა პოლიციას ჩვენებას არ აძლევენ.
როგორც მარიას მამამ განუცხადა გამოცემა SauerlandKurier-ს, 2015 წლის ზაფხულში, როდესაც ბავშვი ექვსი თვის იყო, მან თავისი მანქანის წინა მინაზე მიკრული ბარათი იპოვა, რომლითაც ყოფილი მეუღლე (იმ დროისათვის ისინი უკვე დაშორებული იყვნენ) ატყობინებდა, რომ იტალიაში გადადიოდა საცხოვრებლად შვილთან ერთად.
იმავე წლის სექტემბერში მამაკაცმა სოციალური დაცვის სამსახურს შეატყობინა, რომ ყოფილ ცოლსა და შვილს რამდენჯერმე მოჰკრა თვალი ატენდორნში. მაშინ სამსახურის წარმომადგენლებმა ბებია და პაპა დაკითხეს, მაგრამ ვერაფერი დაადგინეს. პაპა და ბებია ამბობდნენ, რომ მათი ქალიშვილი და შვილიშვილი იტალიაში ცხოვრობდნენ.
პოლიციამ ბავშვის ადგილსამყოფლის ძიება მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისშიღა განაახლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეზობელ ლენეშტადტში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა სამართალდამცველებს მოარული ხმების შესახებ აცნობა – რომ ბებიასა და პაპას რვა წლის გოგონა ჰყავდათ შინ გამოკეტილი.
ამ ცნობის მიღებიდან 11 დღის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციამ პაპა-ბებიის სახლი გაჩხრიკა და გოგონა იპოვა. მანამდე სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მარიასა და მის დედას არასდროს უცხოვრიათ იტალიაში და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დაუტოვებიათ გერმანია.
ახლა პროკურატურა მარიას დედისა და მისი მშობლების მიმართ გამოძიებას აწარმოებს არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სასტიკი მოპყრობის მუხლით. გავრცელებული ცნობით, მარიას 47 წლის დედას შესაძლოა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.
წყარო: The Guardian
ყველა ახალი ამბავი
0