ქართული ღვინო RAW WINE-ის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

© photo: Sputnik / Stringerქვევრი
ქვევრი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა RAW WINE-ზე ქართული ქვევრის ღვინო იყო წარდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქართველოდან გამოფენაში ღვინის შვიდი მარანი მონაწილეობდა. საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
წელს გამოფენაში 13 ქვეყნის 100-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის ფრანგი, ესპანელი, გერმანელი, იტალიელი, ჩილელი მეღვინეები.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ტრადიციულად დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და მასმედიის მხრიდან. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას.
RAW Wine ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
საქართველო აშშ-ში ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით ლიდერობს>>>
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2021 წელს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – 1 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრი ღვინის ფასი 6 დოლარს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0