ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

© photo: Sputnik / Stringerღამის ბათუმი
ღამის ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
ბათუმმა World Travel Awards-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული წელს შემოდგომაზე მოიპოვა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ევროპის შემდეგ ბათუმი პირველად არის წარდგენილი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე, ნათქვამია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ამჯერად ბათუმს მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება 11 ნოემბერს ომანის დედაქალაქ მასკატში ჩატარდება.
ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა>>>
World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები იქნება წარმოდგენილი.
ბათუმმა World Travel Awards-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული წელს, შემოდგომაზე უკვე მოიპოვა, მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე კი პირველადაა ნომინირებული.

„ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განაცხადია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის ტურისტული მიმართულებების გვერდით ბათუმის წარდგენა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

მისი თქმით, მთელი მსოფლიოდან ტურიზმისა და ბიზნესის წარმომადგენლები ომანში შეიკრიბებიან, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი – მონიშნოს ბათუმი მსოფლიო რუკაზე.
2023 წელს World Travel Awards-ის ევროპის გალა-ცერემონიას სწორედ ბათუმი უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0