„ილია 185" - პრემია „საგურამოს" ლაურეატები დაჯილდოვდებიან

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
1987 წელს ილია ჭავჭავაძე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და „ილია მართალი" უწოდა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დიდი ქართველი პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე 8 ნოემბერს საგურამოში, მისი სახელობის სახელმწიფო მუზეუმში აღინიშნება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეზე გაიმართება ლიტერატურული პრემია „საგურამოს" და ილიას მედლის – „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” დაჯილდოების ცერემონია. პრემია „ილიას ფონდმა" 2003 წლის 8 ნოემბერს დააარსა.
ჯილდოები ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გაიცემა. პრემიის გამარჯვებულები ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს, 12 სექტემბერს გამოვლინდნენ. 2022 წლის პრემიის გამარჯვებულები არიან:
„პოეზია“ - ჯემალ ინჯია;
„პროზა“ - ზურაბ ლავრელაშვილი;
„კრიტიკა“ - ნოდარ გურაბანიძე;
„თარგმანი“ - ელზა ახვლედიანი;
„ხელოვნება“ - ლევან ჩოგოშვილი;
„ჰუმანიტარული მეცნიერება“ - ლადო მონაშვილი;
„საბავშვო მწერლობა“ - სალომე კაპანაძე.
ილიას მედალი - „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” გადაეცემა დათო მაღრაძეს.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ პუბლიკის წინაშე წარდგება ანსამბლი „ქართული ხმები“ შემეცნებით-ლიტერატურული მუსიკალური კომპოზიციით „წუთისოფელი”.
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. 1987 წელს ილია ჭავჭავაძე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და „ილია მართალი" უწოდა.
უდიდესია მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოების საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნის საზოგადო ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.
ღარიბაშვილი: ილიას ნააზრევი დღესაც აქტუალურია>>>
როდესაც ბოლშევიკური გაზეთი „მოგზაურის“ ფურცლებზე ჭავჭავაძის წინააღმდეგ კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს, როდესაც იგი თბილისიდან საგურამოში მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად ღია ეტლით მგზავრობდა. სოფელ წიწამურთან მათ ელოდა გიგლა ბერბიჭაშვილის შეიარაღებული ბანდა, რომელმაც გააჩერა ეტლი. ილია ფეხზე წამოდგა და მათ მიმართა: „ილია ვარ, არ მესროლოთ“. გიგლა ბერბიჭაშვილის პასუხი კი იყო: „სწორედ ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ“.
ქართველი კრიმინალისტების, ისტორიკოსებისა და ექიმების მრავალრიცხოვან კვლევებში აღნიშნულია, რომ ილიას ესროლეს არა წინიდან, როგორც ეს გაკვეთის ოქმში წერია, არამედ უკნიდან.
ეს ნიშნავს, რომ გასროლა მოხდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებ შეიძლება არაფერი იცოდნენ ბერბიჭაშვილის ბანდის წევრებმაც, რომლებიც ჭავჭავაძეს წინ გადაუდგნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა დღესაც გაუხსნელია, ისტორიის მკვლევარებში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ვერსია, რომლის თანახმად მკვლელობის უკან ბოლშევიკები იდგნენ.
ილია დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ყველა ახალი ამბავი
0