ირაკლი ღარიბაშვილი: ილიას ნააზრევი დღესაც აქტუალურია

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
პრემიერის თქმით, ილია ჭავჭავაძემ თავისი სიცოცხლე სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილე მიულოცა.
1987 წელს ილია ჭავჭავაძე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და „ილია მართალი" უწოდა.

„წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

პრემიერის თქმით, ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა.
„მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის“, – ნათქვამია განცხადებაში..
ილია ჭავჭავაძე (1837–1907) – დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
„ერის მამა" - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 115 წელი გავიდა>>>
უდიდესია მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოების საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნის საზოგადო ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.
როდესაც ბოლშევიკური გაზეთი „მოგზაურის“ ფურცლებზე ჭავჭავაძის წინააღმდეგ კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს, როდესაც იგი თბილისიდან საგურამოში მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად ღია ეტლით მგზავრობდა. სოფელ წიწამურთან მათ ელოდა გიგლა ბერბიჭაშვილის შეიარაღებული ბანდა, რომელმაც გააჩერა ეტლი. ილია ფეხზე წამოდგა და მათ მიმართა: „ილია ვარ, არ მესროლოთ“. გიგლა ბერბიჭაშვილის პასუხი კი იყო: „სწორედ ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ“.
ქართველი კრიმინალისტების, ისტორიკოსებისა და ექიმების მრავალრიცხოვან კვლევებში აღნიშნულია, რომ ილიას ესროლეს არა წინიდან, როგორც ეს გაკვეთის ოქმში წერია, არამედ უკნიდან.
ეს ნიშნავს, რომ გასროლა მოხდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებ შეიძლება არაფერი იცოდნენ ბერბიჭაშვილის ბანდის წევრებმაც, რომლებიც ჭავჭავაძეს წინ გადაუდგნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა დღესაც გაუხსნელია, ისტორიის მკვლევარებში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ვერსია, რომლის თანახმად მკვლელობის უკან ბოლშევიკები იდგნენ.
ილია დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ყველა ახალი ამბავი
0