დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი, მათ შორის „ჩიკო“

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
დაკავებულებს 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და სამეგრელოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამი პირი „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, ორი პირი კი (მათ შორის, მეტსახელად „ჩიკო“) „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის არიან დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამმა პირმა არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრები დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და საქმეების თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული პირები გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0