როდის უნდა ველოდოთ გრიპის ვირუსის პიკს საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerმამაკაცი პირბადით
მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ექიმები ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევების გამოვლენას ნოემბრიდან, დაავადების გავრცელების პიკს კი დეკემბერი–იანვარში ელოდებიან, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, ოქტომბერში საქართველოში გრიპის ვირუსის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

„სამი კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპის შემთხვევები არ გამოვლენილა, მაგრამ რეალური მოლოდინი, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, მიუთითებს იმაზე, რომ ნოემბრიდან უკვე გვექნება გრიპის შემთხვევები, ხოლო დეკემბერი–იანვარში, სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდება“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ცირკულირებს არა გრიპის ვირუსი, არამედ სეზონური ინფექციები.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოში გრიპის ვირუსების ტიპების დადგენა ხდება. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ოქტომბერში დაფიქსირდა ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) მსგავსი ვირუსი, დანარჩენ შემთხვევებში კი მიმდინარე წელს ე.წ. ჰონკონგის (H3N2) მსგავსი ვირუსი გამოვლინდა.
„უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მოსალოდნელია ორი ტიპის – H3N2 და H1N1 ვირუსების ცირკულირება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა „სანოფი–პასტერის" (Sanofi Pasteur) წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. აღნიშნული პრეპარატი ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებში შემავალ პაციენტებს: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
„გრიპის სეზონი რთული იქნება" - მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ>>>
ასევე სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; პედაგოგები; ჯანდაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები.
ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება ასევე შემდეგ რისკ-ჯგუფებს: სამედიცინო პერსონალი; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი; საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.
დასახელებულ რისკის ჯგუფებს შეუძლიათ მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
ყველა ახალი ამბავი
0