„გრიპის სეზონი რთული იქნება" - მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
გამოწერა
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მედიკოსები მიმდინარე წლის ზამთარში, გასულ წელთან შედარებით, გრიპის შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას ელოდებიან, განაცხადა თბილისის ციციშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
მისი თქმით, გრიპის გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა აცრის ჩატარება.

„გასულ წელს პირბადის ტარება მაღალ დონეზე იყო, ამასთან ბავშვები არ დადიოდნენ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, ამიტომაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალი იყო. წელს გრიპის შემთხვევები მეტი იქნება, რომლის მატებასაც ნოემბრიდან ველოდებით“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, აცრის შემდეგ საჭირო იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭიროა ოთხი კვირა, ამიტომაც ვაქცინაციის გადადება არ ღირს.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ყველაზე ხშირად გრიპით ავადდებიან კოვიდ-გადატანილი პირები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა „სანოფი–პასტერის" (Sanofi Pasteur) წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. აღნიშნული პრეპარატი ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებში შემავალ პაციენტებს: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
„ასეთი რამ არასდროს მომხდარა“ - მედიკოსები გრიპის შემთხვევების ზრდაზე>>>
ასევე სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; პედაგოგები; ჯანდაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები.
ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება ასევე შემდეგ რისკ-ჯგუფებს: სამედიცინო პერსონალი; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი; საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.
დასახელებულ რისკის ჯგუფებს შეუძლიათ მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. ქვეყანაში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
ყველა ახალი ამბავი
0