„ასეთი რამ არასდროს მომხდარა“ - მედიკოსები გრიპის შემთხვევების ზრდაზე

© Sputnik / STRINGERადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
ჩხაიძის თქმით, საქართველომ უკვე გადაიტანა გრიპის ვირუსის გავრცელების ორი პიკი.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მედიკოსები წელს გრიპის შემთხვევების ზრდას ელოდებიან, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, საქართველომ უკვე გადაიტანა გრიპის ვირუსის გავრცელების ორი პიკი. პირველი იყო წლის დასაწყისში, ხოლო მეორე – ზაფხულში.

„წლევანდელი წელი იქნება ისეთივე, ან უფრო აქტიური, ვიდრე პანდემიამდე იყო. გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზადყოფნა უნდა იყოს“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

სპეციალისტის თქმით, წელს საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა – გრიპი ზაფხულში დაფიქსირდა.
„ივლისში იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვი იწვა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას, რა თქმა უნდა, კორონავირუსი. წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ, სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება“, – განაცხადა ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ პიკი ზამთარში ადვილი ასახსნელია, რადგანაც დახურულ შენობაში ბევრი ადამიანი იყრის თავს.
ჩხაიძე კორონავირუსის გავრცელებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ინფიცირებულების ზრდა, თუმცა ეს არ იქნება ის რაოდენობა, რომ ამან ზეწოლა მოახდინოს ჰოსპიტალურ სექტორზე.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა „სანოფიპასტერის" წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. აღნიშნული პრეპარატი ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
ასევე სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; პედაგოგები; ჯანდაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები.
ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება ასევე შემდეგ რისკ-ჯგუფებს: სამედიცინო პერსონალი; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი; საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.
დასახელებულ რისკის ჯგუფებს შეუძლიათ მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
ვაქცინაციის ცენტრების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
გარკვეული გამონაკლისების გარდა, სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის გაკეთება ნებაყოფლობითია.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0