პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც არა მხოლოდ განსაზღვრავს თავად „ოლიგარქის“ ტერმინს, არამედ ადგენს პირის ოლიგარქად ცნობის წესს, აგრეთვე შეზღუდვებს მათთვის.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. დეპუტატებმა შესაბამისი კანონპროექტი ოთხშაბათს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, დღეს კი კენჭისყრა გაიმართა.
კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა ათმა კანონმდებელმა მისცა.
საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის უკრაინული მოდელი არ შეესაბამება ქართულ რეალობას.

„რატომ არის საქართველოსა და უკრაინას შორის დიდი განსხვავება? მე შეგახსენებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას. მასში არ წერია, რომ საქართველოს ჰყავს ათობით ოლიგარქი, წერია ერთი კონკრეტული სახელი და გვარი. უკრაინის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ადამიანი, რომლის პირადი ქონება და აქტივები გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი?“ – განაცხადა დაუშვილმა.

უკრაინა ერთადერთი უნიკალური ქვეყანაა, რომელმაც მიიღო მსგავსი კანონი შესაბამისი ოთხი ობიექტური კრიტერიუმით, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის პირი ითვლება ოლიგარქად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
„ეს კანონი არ არის მორგებული კონკრეტულ პიროვნებაზე... ის გათვლილია ადამიანთა სხვადასხვა წრისთვის. შესაბამისად, პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან სამს, ჩაითვლება ოლიგარქად“, – განაცხადა დეპუტატმა.
რა წერია კანონპროექტში?
პროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს:
მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
არის საბოლოო ბენეფიციარი იმ სამეწარმეო იურიდიული პირისა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ინარჩუნებს ან აუმჯობესებს ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში;
მისი აქტივებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების დადასტურებული თანხა, რომელთა ბენეფიციარიც არის, სჭარბობს საარსებო მინიმუმს მილიონჯერ (შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
პარლამენტი პირს ოლიგარქად აღიარებს საქართველოს მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის წევრის, პარლამენტის კომიტეტის ან ფრაქციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
ოფიციალურ დონეზე აღიარებულ ოლიგარქს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ წესებს კი პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად აღიარებულ პირს, რომლის შესახებ მონაცემები შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები შეეზღუდება.
კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს შეეზღუდება:
პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
ივანიშვილის ფაქტორი
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.
ვოლსკი: საქართველოში ოპოზიცია დემაგოგიით არის დაკავებული>>>
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს– პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები ჩაითვლებიან ოლიგარქებად.
ყველა ახალი ამბავი
0