„ახალგაზრდა პოლიტიკოსების გამოუცდელობა“ - ნინო ბურჯანაძემ პრაიმერიზის იდეა გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში პრაიმერიზი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს აძლევს ხელს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ახლა პრაიმერიზის ჩატარებისა და პრემიერის პოსტზე ოპოზიციიდან ერთიანი კანდიდატის არჩევის დრო არ არის.
იდეის მიხედვით, პრაიმერიზში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები მიიღებენ და სწორედ ისინი დაასახელებენ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. იდეას მხარს უჭერენ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

„მინდა საკუთარი თავი დავარწმუნო იმაში, რომ ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ეს გამოუცდელობის გამო მოსდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს ხელისუფლების თამაშია. ის, რაც მათ ამ სიტუაციაში შემოგვთავაზეს, როცა ვადამდელი არჩევნები არც კი ჩანს ჰორიზონტზე, როცა ხელისუფლება თავს ბევრად კომფორტულად გრძნობს, ვიდრე ოდესმე, ამ სიტუაციაში საზოგადოებას შესთავაზო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის არჩევა... მე ამას დავარქმევდი ხელისუფლების თამაშს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ახლა მთავარია რეალური ამოცანების დასახვა – „უახლოეს პერიოდში მივაღწიოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და შევიტანოთ რადიკალური გარდატეხა“.
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა>>>
პრაიმერიზის ჩატარების იდეა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ეჭვს გამოთქვამს, რომ პრაიმერიზის ჩატარება საერთო მიზანს ემსახურება. მისი თქმით, პრაიმერიზი ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, რადგან გამარჯვება მის კანდიდატს დარჩება.
საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ პრაიმერიზის ინიციატივას მასკარადის დადგმის მცდელობა უწოდა. იდეა უარყოფითად შეაფასეს სხვა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიებმაც, მათ შორის, „ლელომ“ და „გირჩმა“.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ პრაიმერიზის წინადადება ოპოზიციის ახალი სატყუარაა ხალხისთვის. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ პრაიმერიზის ჩატარება ოპოზიციას პოლიტიკურ ქულებს არ შემატებს.
ყველა ახალი ამბავი
0