პარლამენტის კომიტეტმა უსაფრთხოების საბჭოში ახალი წევრის დამატებას მხარი დაუჭირა

© Parliament of Georgiaანზორ ჩუბინიძე
ანზორ ჩუბინიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მონაწილეობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში აუცილებელია უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, მიიჩნევენ მთავრობაში.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაში, როგორც საბჭოს მუდმივი წევრი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ორშაბათს წარუდგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მთავრობის ინიციატივით მომზადდა. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
შესწორებები შედის კანონში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“.
ჩუბინიძის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აქტიურად მონაწილეობს სპეციალური, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა პრევენციულ ღონისძიებებში, რომლებიც სახელმწიფოსთვის საფრთხის გამოვლენასა და აღკვეთას ემსახურება.
სამსახური ისეთ საქმიანობას ახორციელებს, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიეკუთვნება, აღნიშნა ჩუბინიძემ.
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ახალი მუდმივი წევრი დაემატება>>
ცვლილებების ინიციატორია საქართველოს მთავრობა. მოქმედი კანონის თანახმად, საბჭოს მუდმივი წევრები არიან პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, როგორც მუდმივი წევრის მონაწილეობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში აუცილებელია.
ეს მეტ საშუალებას იძლევა სავარაუდო საფრთხეების დროული ანალიზისა და მათზე რეაგირებისთვის, ასევე გაზრდის შესაბამისი უწყებების ურთიერთკოორდინაციას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0