დეპუტატი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ივანიშვილს არ შეეხება

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტებაა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე გამორიცხავს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელზე, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე გავრცელდეს.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქს საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ.

„ოლიგარქის კონცეფციაში მთავარია ის, რომ პირი ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და მასზე კონკრეტული გავლენები აქვს. დამიჯერეთ, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველი არ არსებობს. გამოვრიცხავ, რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, დეპუტატმა შეცდომა უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებას.
„რომელიმე კონკრეტული ევროპარლამენტარი თუ მცდარ აზრს გამოთქვამს, არ ვფიქრობ, რომ იგი უდავო ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ეს ევროპარლამენტარმა თქვა. შეგვიძლია იგი შინაარსობრივად გავაანალიზოთ და გავარკვიოთ, რომ არ არსებობს საფუძველი განცხადებისა იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროკავშირის საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.
დეპუტატი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სამართლიან პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს>>>
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები მიიჩნევიან ოლიგარქებად.
ყველა ახალი ამბავი
0