„ცუდი გამოცდილება გვაქვს" - ოპოზიციონერი საქართველოში ერთიანი პლატფორმის შექმნაზე

© photo: Sputnik / Stringerგიგა ბოკერია
გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ამომრჩეველთა და მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდოს, მიაჩნია გიგა ბოკერიას.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს ცუდი გამოცდილება, როცა ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილი ატყუებდა საკუთარ პარტნიორებს და საზოგადოებისთვის მიცემულ სიტყვას ტეხდა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ხუთშაბათს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სამი ოპოზიციური პარტია მოქმედების ერთიან გეგმაზე შეთანხმდა. ამასთან, მისი თქმით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ აპირებენ.
სამივე პარტია სხვადასხვა დროს იმ პოლიტიკოსების მიერ შეიქმნა, რომლებმაც უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.

„ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების, საზოგადოებისთვის სიტყვის გატეხის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ამიტომ მაინტერესებს ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოვისმინო, თუ რა არგუმენტები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამჯერად ნდობის საფუძველი გვაქვს“, – განაცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ამომრჩეველთა და მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდოს. ამ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად კი მათი პოლიტიკური მოტივაცია უნდა იყოს არჩევნების გზა, ხმების დაცვა და მშვიდობიანი პროტესტი.
„ამისთვის აუცილებელია ნდობის აღდგენა პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ბევრმა სხვამ ძალიან დააზიანა“, – განაცხადა ბოკერიამ.
გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური გაერთიანების“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. პოტენციურ პარტნიორებად პოლიტიკოსმა დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ითანამშრომლოს ერთიან ოპოზიციურ პლატფორმასთან>>>
თუმცა, ოთხშაბათს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ყველა ახალი ამბავი
0