საქართველოში სამხედრო სამსახურს 12 ათასმა ადამიანმა თავი აარიდა

© Parliament of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2022
გამოწერა
ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში წარედგინება.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი ორგანიზაციის დახმარებით სამხედრო სავალდებულო სამსახურს 12 ათასმა ადამიანმა აარიდა თავი, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრის აზრით, ეს ადამიანები შეიძლება „გარკვეულმა ძალებმა მართონ და სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ“.

„ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ ადამიანმა სამხედრო სამსახურს მექანიკურად აარიდოს თავი. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არ გვაქვს წვევამდელთა კატეგორიაში მყოფი ყველა პირი გაწვევის რესურსი. ჩვენ ამის არც საშუალება გვაქვს და, პრინციპში, არც საჭიროება დგას ამ ეტაპზე“, – განაცხადა ბურჭულაძემ „პირველ არხზე“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მრავალი ლეგალური შესაძლებლობა არსებობს. „მაგრამ ეს აუცილებლად შეიცვლება”, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, იქნება გაწვევის ალტერნატიული ვადები – 6, 8, 11 თვე. ასევე იქნება შესაძლებლობა, პირმა გაიაროს სავალდებულო სამსახური დიდი ხნის განმავლობაში.
ბურჭულაძის თქმით, ჯარის პოპულარიზაცია – ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს მთელი საზოგადოება. თუმცა, მისი განმარტებით, ახლა, პირიქით, შეიმჩნევა „ჯარის დისკრიმინაციის მცდელობა“ და ჯარის შიგნით განხეთქილების გაღვივება.
„ჯარის პოპულარიზაცია თითოეულ ოჯახში უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ჩვენ ამის გაკეთებას რაღაც რადიკალური ნაბიჯების ხარჯზე ვერ შევძლებთ. ამიტომაც ჯერჯერობით ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ჩვენ საზოგადოებას გავაცნოთ ჯარი“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
საქართველოს მთავრობა თავდაცვის ახალ კოდექსზე მუშაობს>>>
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარის პოპულარიზაციის გზით ქვეყანა მიაღწევს მიზანს – შექმნას უსაფრთხო გარემო, შეამციროს რისკები და შექმნას ჯარი, რომელიც იქნება ბრძოლისუნარიანი და რომელიც შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერი შემადგენლობის მტერს.
თავდაცვის კოდექსში, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება, სხვა პრიორიტეტებთან ერთად გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. ამ დოკუმენტით ქვეყანა იხელმძღვანელებს მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში.
მინისტრის თქმით, საქართველომ მაგალითი აიღო რამდენიმე ქვეყნიდან, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე შვეიცარია და ფინეთი, რომლებსაც ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილება აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0