პროტესტი თსუ-ში: ჯაბა სამუშია სტუდენტებთან პირველი შეხვედრისთვის ემზადება

© photo: Sputnikჭავჭავაძის გამზირი. თსუ-ს შენობა
ჭავჭავაძის გამზირი. თსუ-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
რექტორის არჩევის საკითხი უნდა განიხილებოდეს სხვა ფორმატში და არა საუნივერსიტეტო სივრცეში, განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია მომავალი კვირიდან სტუდენტებთან შესახვედრად და მათ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად ემზადება.
თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით აირჩია. არჩევნები უკმაყოფილო სტუდენტების მიერ მოწყობილი არეულობების ფონზე მიმდინარეობდა. ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან 7 ოქტომბერს გადადგა.
„მე აბსოლუტურად მომზადებული მივდივარ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომელიც უბრალოდ, რაღაც პერიოდით გადავდეთ. იმიტომ, რომ რექტორის არჩევის წესის საკითხი სხვა ფორმატში უნდა იყოს განხილული და არა მაინცდამაინც საუნივერსიტეტო სივრცეში, რადგან არის კანონის ჩანაწერი და არა უნივერსიტეტის შიდა რეგულაცია“, - განაცხადა სამუშიამ „პირველი არხის“ ეთერში.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ის შეხვდება სტუდენტების ყველა ჯგუფს, რომელსაც აქვს პრობლემები აქვს.
მისი თქმით, სამი მთავარი მიმართულება, რაზეც იმუშავებს, არის სტუდენტური საცხოვრისის მშენებლობა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლება და სწავლების დონის მაქსიმალურად ამაღლება. რაც შეეხება ხელახალ კენჭისყრას, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა ის ყველა დასახულ ამოცანას, აღნიშნა სამუშიამ.
„გულწრფელად გეტყვით ამასთან დაკავშირებით – თუ მე ავწიე ის, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში მინდა, რა თქმა უნდა, მექნება იმის სურვილი, რომ მომავალშიც ვიყარო კენჭი, მაგრამ თუ ვერ შევძელი და დავინახე, რომ ეს პრობლემები მართლაც არის იმ სიმძიმის, რომელსაც მე ფიზიკურად ვერ ავწევ და ვერ შევეჭიდები, არ ვაპირებ, კენჭი ვიყარო“, - განაცხადა სამუშიამ.
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს >>
მაისში რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების მოთხოვნით, რადგან მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა იქირაონ თბილისში ბინები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია.
10 ივნისს სტუდენტების ჯგუფი სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. მაშინ სტუდენტებმა მიაღწიეს იმას, რომ სასწავლებლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღებას დაინტერესებული სტუდენტებიც მიიღებენ.
პროტესტი არ შეწყვეტილა მას შემდეგაც, როდესაც უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში - ქუთაისსა და ახალციხეში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა აქვთ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ყველა ახალი ამბავი
0