სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2022
გამოწერა
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს ფულადი თანხა“, – აღნიშნა ხათუნა ხარჩილავამ.

ამასთან, როგორც მოსამართლემ განაცხადა, ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში იყო გარკვეული ეპიზოდები, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს.
„ასევე არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა ამავე ვიდეო-აუდიოჩანაწერებში ქრონოლოგიით ნელი დოროყაშვილის ქმედებები. ჩანაწერების მიხედვით, თავად ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და, სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიებული“, – აღნიშნა მოსამართლემ.
მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ, თავის მხრივ, ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება, რომლის ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
„დასკვნის თანახმად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ დასკვნიდან გამომდინარე, ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა. ბრალდების მხარეს, ერთი მხრივ, უნდა დაედასტურებინა, რომ ბასილაშვილთან ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და, მეორე მხრივ, ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარუდგინა. თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა მოსამართლემ.
ამასთან, როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, დაზარალებული ნელი დოროყაშვილი აცხადებდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მასზე მისი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი ხშირად ახორციელებდა ეკონომიკურ ძალადობას, უბლოკავდა მას შესაბამის ბარათებს და ის იძულებული ხდებოდა, დახმარება მეგობრებისგან მიეღო.
„დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია საბანკო ანგარიშსწორება, ამონაწერი ბანკიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდება – არა მხოლოდ აშშ-ში, საქართველოშიც – რომ ამ ამონაწერების მიხედვით არ ფიქსირდება რომელიმე ეტაპზე ბარათის დაბლოკვის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე წარმოუდგენდა სასამართლოს სხვა მტკიცებულებას, იგივე ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას. თუმცა ამგვარი ინფორმაცია ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ხარჩილავამ.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ყველა ახალი ამბავი
0