რატომ უკეთებდნენ კომუნისტები ხინკალს ყუნწს და როგორი უნდა იყოს ნამდვილი ხინკალი
15:53 20.10.2022 (განახლებულია: 20:38 20.10.2022)
© courtesy of Nugzar Nebieridzeნუგზარ ნებიერიძე
© courtesy of Nugzar Nebieridze
გამოწერა
ხინკალი რომ ქართული კულინარიის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია, ამაზე დღეს არავინ დავობს. მოსკოვში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს ქართველი მზარეული ნუგზარ ნებიერიძე, რომლის საფირმო ხინკლის გასასინჯად დიდი ხანია სხვადასხვა ქვეყნებიდან ცნობილი ადამიანები ჩადიან.
კულინარიული გამოცდილება პირველად მოსკოვის რესტორან „არაგვში“ მიიღო. ხინკლის მოხვევა პირველად თავისი ძმისგან ისწავლა. საკუთარ თავს მზარეულს არ ეძახის, ამბობს, რომ მეხინკლეა და ეს ეამაყება. თანაც, მან ამ ცნობილ პროდუქტზე ერთი საიდუმლო გაგვიმხილა.
© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeნუგზარ ნებიერიძე
ნუგზარ ნებიერიძე
- ბატონო ნუგზარ, ვიცი, რომ თქვენი პოპულარობა დაიწყო მოსკოვის „არაგვში“, სადაც თქვენს კლიენტებს შორის ცნობილი ადამიანები იყვნენ...
- „არაგვში“ ჯერ კიდევ მაშინ მივედი, როდესაც ეს ადგილი ძალიან პოპულარული და პრესტიჟული იყო. იმ პერიოდში იქ მართლა ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა. იმ წლების გამოცდილება შემდეგ უფრო დავხვეწე, სახელი გავითქვი და მერე ჩემი ხინკლის საჭმელად სპეციალურად დადიოდა ხალხი. მათ შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, მაგალითად, ზურაბ წერეთელი, ოთარ იოსელიანი, ვლადიმერ ვინოკური, რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები.
© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeრუსი იუმორისტი ვლადიმერ ვინოკური ნუგზარ ნებიერიძის ხინკლის დეგუსტაციის შემდეგ
რუსი იუმორისტი ვლადიმერ ვინოკური ნუგზარ ნებიერიძის ხინკლის დეგუსტაციის შემდეგ
- ინტერნეტში როგორ გახდით პოპულარული?
- ერთმა პიროვნებამ, რომელსაც Youtube-ზე თავისი არხი აქვს, ჩემზე ფილმი გადაიღო. იმ ვიდეომ პირველივე დღეს 200 ათასი მნახველი მოაგროვა. მოსკოვში ჩამოსული იყო ფრანგი რესტორატორი, რომელსაც ჩემი ხინკალი გავუკეთე და ძალიან მოეწონა. ერთხელ გადმომცეს, რომ ჩემი ხინკლის დაგემოვნება, თურმე, პარფიუმერული კომპანია „ლიტუალის“ მეპატრონესაც უნდა. ერთი პერიოდი ყველაზე პოპულარული იაპონიაშიც ვიყავი.
© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeნუგზარ ნებიერიძე სამზარეულოში
ნუგზარ ნებიერიძე სამზარეულოში
- ეს ამბავი როგორ გაიგეთ?
- ერთხელ იაპონიის საელჩოდან მყავდა სტუმრები. როცა ჩემთან შემოვიდნენ, ერთი მათგანი მობილურს მაჩვენებდა – მოდით, ნახეთო. თარჯიმანმა მითხრა, ვიდეოს გაჩვენებენ, რომელიც ტოკიოში გადაიწერეს და სადაც თქვენ ხართ გადაღებულიო. თურმე იქ ყველას ურჩიეს, ხინკალი მარტო ამ კაცთან უნდა გასინჯოთო. ხინკალი ქართული კულინარიის მეფეა და ასეთი შედევრი, მგონი, არც ერთი ერის სამზარეულოში არ არის...
© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeუცხოელები ნუგზარ ნებიერიძესთან ხინკლის მომზადების დროს
უცხოელები ნუგზარ ნებიერიძესთან ხინკლის მომზადების დროს
- უცხოეთის რომელ ქვეყნებში აქვთ გასინჯული თქვენი მოხვეული ხინკალი?
- ერთხელ ნიცაში იქ მცხოვრებმა მილიონერმა მიმიწვია. ამ კაცს ქალაქის ცენტრში ჰქონდა სახლი, რომელსაც ერთი კედელი ჰყოფს იმ სახლთან, სადაც ჯონ და ჟაკლინ კენედებმა თაფლობის თვე გაატარეს. იმ მილიონერს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ჰყავდა: ებრალები, ფრანგები, იტალიელები, ფერადკანიანებიც, მათ შორის ქართველი ქალბატონი და მამაკაციც იყო. მე ხაჭაპური გამოვაცხვე, ფხალეულობა გავუკეთე, ხინკალი მოვუხვიე და ჩაქაფულიც დავუმზადე. მეორე დღეს სახლში უკვე მისმა ებრაელმა სტუმრებმა დამპატიჟეს. მოკლედ, ნიცაში ხუთი დღე ვიყავი და სათითაოდ ყველას სახლში გავაკეთე ხინკალი.
© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeიაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ნუგზარ ნებიერიძესთან სტუმრად
იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ნუგზარ ნებიერიძესთან სტუმრად
- რა არის განსაკუთრებული თქვენს ხინკალში, რაიმე საიდუმლო ხომ არ იცით?
- ხინკლის მოხვევა საქართველოში ყველამ იცის, მაგრამ ჩემს რეცეპტს არავის გავანდობ. ის, თუ რას ვუშვებით ფარშს, საიდუმლოა. თქვენ იცით ხინკალი როგორ უნდა მოიხარშოს? ყველა ერთნაირად აკეთებს – ქვაბში 30 ცალს ერთდროულად ყრის. ჩვენ კი სათითაოდ. თან ყურადღება უნდა მიაქციო, რომ პირველი არ გადაიხარშოს და ბოლო უმი არ დარჩეს. მე ხინკალს არსად ვჭამ. მასში, თუ რამე შეიძლება, ყველაფერს ყრიან: უცხო სუნელს, დაფნის ფოთოლს, ზოგი ძირასაც უშვრება. ამით ფარშს აფუჭებენ და ასეთ ხინკალს რომ ჭამ, გულზე გადგება. არადა, ხინკალი გემრიელი და მსუბუქი საჭმელი უნდა იყოს.
შეიძლება გაგიკვირდეთ და ხინკლის ჭამა არც საქართველოში იციან. ყველა ყუნწს წამოავლებს ხოლმე ხელს და ეს არ არის სწორი. ხინკალს ყუნწი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.
© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeნუგზარ ნებიერიძე ვალერი მელაძესთან ერთად
ნუგზარ ნებიერიძე ვალერი მელაძესთან ერთად
- როდის და რატომ შემოიღეს ყუნწის გაკეთება?
- ყუნწი კომუნისტების დროს შემოიღეს და ამას თავისი ახსნა აქვს: მზარეულს მხოლოდ კილოგრამ ხორცს აძლევდნენ და იმით უნდა გაეკეთებინა საჭმელი. არადა, ხორცი ხომ უნდა მოეპარა? ამიტომ დიდ ყუნწს უკეთებდა. ხალხს კი ჰგონია, რომ ყუნწს უნდა მოჰკიდონ ხელი. ნაოჭების რაოდენობას კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნაოჭი არაფერს ცვლის, მთავარია, ცომი იყოს თხელი და სწორად გაკეთებული, ფარში კი ბულიონდამატებული და გემრიელი. დღემდე ყველგან ერთნაირად აკეთებენ ხინკალს, აქამდე ვერაფრით შეცვალეს და ტექნოლოგია ვერ გააუმჯობესეს. არადა, დროთა განმავლობაში რაღაც ცვლილებების შეტანა კულინარიაშიც აუცილებელია.
ნინო მამულაშვილი