ამსტერდამში შეცვლილი პროფესია და ჰოლანდიური ტიტების მშობლიური სურნელი

© courtesy of Khatuna Kavteladzeხათუნა კავთელაძე
ხათუნა კავთელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
„რადგან აქ ვცხოვრობ, ყველა ჰოლანდიურ კანონს თუ ტრადიციას პატივს ვცემ და ასეც უნდა იყოს“ – გვითხრა ჰოლანდიაში მცხოვრებმა ხათუნა კავთელაძემ. პროფესიით ეკონომისტმა, ამსტერდამის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების მერე ადგილობრივ საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა.
პრაგმატულმა ჰოლანდიელებმა მალე დააფასეს მისი პროფესიონალიზმი და ქართველი აღმზრდელი პედაგოგის შტატზე მუდმივი კონტრაქტით აიყვანეს. ძირითადი სამუშაოს გარდა ქალბატონი ხათუნა ამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრთან არსებულ საკვირაო სკოლაში ემიგრანტების ბავშვებს ქართული ენის გაკვეთილებს უტარებს.
© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeხათუნა კავთელაძე
ხათუნა კავთელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
ხათუნა კავთელაძე
- ქალბატონო ხათუნა, რადგან ამ სფეროში მუშაობთ, ალბათ შეგიძლიათ იმის თქმა, თუ რა განსხვავებაა ბავშვის აღზრდის ჰოლანდიურ და ქართულ მეთოდებს შორის?
- თავიდან ყველაზე მეტად ის მიკვირდა, რომ აქ ბავშვი 12 ან 13 წლის ასაკიდან იწყებს მუშაობას, რათა თავისი ფული გამოიმუშაოს. ვფიქრობდი, მშობლებს ჰოლანდიაში საკმარისი შემოსავალი აქვთ და პატარა ასაკიდან ბავშვებს როგორ ამუშავებენ–მეთქი. მაგრამ მერე მივხვდი რაში იყო საქმე. ამით ჰოლანდიელი ბავშვობიდან აჩვევს შვილს დამოუკიდებლობას და შრომას. ჰოლანდიელი მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს „კი” და „არას” მნიშვნელობა. თუ ჰოლანდიელი ბავშვს ეტყვის არას, ბავშვმა რაც უნდა იტიროს, ის აღარ გადათქვამს. ქართველების უმრავლესობას კი ეს არ შეგვიძლია.
© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeხათუნა კავთელაძე კოუკენჰოფის ბაღში
ხათუნა კავთელაძე კოუკენჰოფის ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
ხათუნა კავთელაძე კოუკენჰოფის ბაღში
- რამდენად გააცანით ჰოლანდიელებს უნიკალური ქართული ურთიერთობები?
- მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიაში არ არის მიღებული გაუფრთხილებლად სტუმრად მისვლა, ჩემთან ჰოლანდიელები უკვე გაუფრთხილებლად მოდიან ხოლმე. საქართველოდან ახალჩამოსულს სხვისთვის უარის თქმა ძალიან მიჭირდა. სულ მეგონა, რომ ამით გულს ვატკენდი, ამიტომ ვინმე დახმარებას თუ მთხოვდა, ბევრჯერ საკუთარი საქმე განზე გამიწევია და მას დავხმარებივარ. როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემმა მენეჯერმა ეს თვისება შემამჩნია, დამიბარა და მითხრა, ხათუნა, გატყობ, რომ უარის თქმა გიჭირს, როდესაც რაიმეს გაკეთება არ შეგიძლია, თავისუფლად უნდა თქვა უარი, სირცხვილი არ არისო. ამის მერე ჩემ თავზე ბევრი ვიმუშავე და ნელ-ნელა ვისწავლე. ამიტომ ახლა, როცა რაიმე არ შემიძლია, უარს უკვე ადვილად ვამბობ.
© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeქართველების შეხვედა ჰოლანდიაში
ქართველების შეხვედა ჰოლანდიაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
ქართველების შეხვედა ჰოლანდიაში
- ანუ ქართული ხასიათი და საქართველო უკვე გააცანით მათ?
- ასე გამოდის... შარშან საქართველოში ჩატარდა ჰოლანდიური თამაში სახელად „ვინ არის თხუნელა“. ამ გადაცემას ბევრი ჰოლანდიელი უყურებს. როცა მეორე დღეს სამსახურში მივედი, ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, ეს რა ლამაზი ქვეყნიდან ყოფილხარო. მას შემდეგ ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდეს.
© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeამსტერდამში ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ
ამსტერდამში ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
ამსტერდამში ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ
- ამსტერდამში მცხოვრები ქართველები თუ ხვდებით ერთმანეთს?
- აქაური ქართველები ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ოჯახებითაც გვაქვს მიმოსვლა. რამდენიმე მათგანს დავუნათესავდი და მათი შვილები მოვნათლე. აქ მართლმადიდებლური ჯვართამაღლების ეკლესიაა, სადაც წირვებს გვიტარებს მეუფე დოსიტეოსი, რომელიც ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსია. ის ყოველთვის ჩამოდის ბელგიიდან. წირვის ჩასატარებლად ასევე ჩამოდის მამა გიორგი. მე ტაძარში მგალობელ გუნდთან ერთად ვგალობ. წირვის შემდეგ გვაქვს ტრაპეზი, სადაც ქართველი ემიგრანტები ვიკრიბებით. ასეთი შეხვედრები ჩვენი სულიერი საზრდოა...
© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeქართველ ემიგრანტებთან და მეუფესთან ერთად
ქართველ ემიგრანტებთან და მეუფესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
ქართველ ემიგრანტებთან და მეუფესთან ერთად
- საქართველოში რა გენატრებათ?
- საქართველოში მენატრება საყვარელი ადამიანები, ყველაზე მეტად კი ჩემი ორი ძმისშვილი, ლელუკა და რეზიკო, რომლებსაც ჩემი შვილებისგან არ გამოვარჩევ. ჩემი ქვეყანა მაშინაც მენატრება, როცა იქიდან ახალი ჩამოსული ვარ, ეს განცდა ალბათ ყველასთვის ნაცნობია, ვისაც მის გარეშე რაღაც დროით თუნდაც ერთხელ მაინც სადმე უცხოვრია.
© photo: courtesy of Khatuna Kavteladzeსაკვირაო სკოლაში
საკვირაო სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
საკვირაო სკოლაში
- თქვენს ქვეყანას რა გახსენებთ აქ?
- საქართველოში გამორჩეულად და უზომოდ მიყვარდა ტიტები. ჰოლანდიაში მსოფლიოში ცნობილი ტიტების ბაღი კოუკენჰოფია, რომელიც წელიწადში ერთხელ მხოლოდ ორი თვითაა ღია. იქ ყოველ წელს დავდივარ და მისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თანაც, იქაური სურნელი ჩემი ქვეყნის სურნელს მაგონებს და ვმშვიდდები...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0